არჩილ გორდულაძე: ევროპული ბიუროკრატია იქამდე მივიდა, რომ თურმე გმირობა არის, რომ სამართალდამცავ ორგანოს „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლო და ამ ყველაფერში ღიად, საჯაროდ ფული გადაიხადო, შემდეგ სახელმწიფოს დააბრალო, რომ ამაზე პასუხის მოთხოვნა თურმე არის დემოკრატიული უკუსვლა
სამწუხაროდ, ვხედავთ რომ არარჩეული ბიუროკრატიის მიმართება საქართველოს მიმართ არ იცვლება. ისევ და ისევ ტყუილი და ისევ და ისევ გაშავების მცდელობა, - ასე აფასებს არჩილ გორდულაძე „დღის ქრონიკაში“ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიის მესამე სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებებს.
იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავბს, რომ ამ ყველაფრის მიზანია, ზეწოლა მოხდეს ქართველი ხალხის არჩევანზე.
„არსებობს ბიუროკრატია და ამ ბიუროკრატიის წარმომადგენლები ევროკავშირის მხრიდან, რომელთა მიზანიც ბოლო წლების განმავლობაში არ შეცვლილა, რაც განსაკუთრებით გამოკვეთილია 2022 წლის თებერვალში. უკრაინაში დაწყებული მოვლენების შემდეგ, განსაკუთრებულად გამძაფრებულები და აგრესიულები არიან არა მხოლოდ ჩვენი გუნდის მიმართ, არამედ არჩევანის გამკეთებელი ხალხის მიმართ.
ევროპული ბიუროკრატია იქამდე მივიდა, რომ თურმე გმირობა არის სამართალდამცავ ორგანოს ესროლო „მოლოტოვის კოქტეილი“, სცადო ცოცხლად დაწვა და ამ ყველაფერში ღიად, საჯაროდ ფული გადაიხადო და შემდეგ სახელმწიფოს დააბრალო, რომ ამაზე პასუხის მოთხოვნა თურმე არის დემოკრატიული უკუსვლა“, - აღნიშნა გორდულაძემ.
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 63-ე სესიის მესამე სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებულ ადამიანის უფლებების მდგომარეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. მოთხოვნები უცვლელია. მათ შორის არის კანონების გაუქმება. სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია ისიც, რომ ევროკავშირი გმობს ოპოზიციონერი ლიდერების დაკავებას.