საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ტურიზმისა და სპორტის მინისტრს, რუდოლფ ჰულიაკს შეხვდა.
სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობისა და საჰაერო მიმოსვლის გაფართოების საკითხები განიხილეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს. ყურადღება გამახვილდა ტურიზმის სექტორში პარტნიორობის გაღრმავებაზე. 2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, სლოვაკეთიდან გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 67%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა. აღინიშნა, რომ ტურისტული და ეკონომიკური კავშირების გაძლიერებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი პირდაპირმა ავიამიმოსვლამ, კერძოდ, დღეისათვის ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენები ქუთაისიდან-ბრატისლავას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით სრულდება.
ორ ქვეყანას შორის მგზავრთნაკადის მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს პირდაპირი ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოებას სლოვაკეთში საქართველოს სხვა საერთაშორისო აეროპორტებიდანაც.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს 2026 წელს გამართული საქართველო-სლოვაკეთის ტურიზმის პირველი ფორუმი, რომელმაც ორ ქვეყანას შორის საჯარო და კერძო სექტორების დაახლოებას შეუწყო ხელი.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მიმართ სლოვაკეთის მხარდაჭერის მნიშვნელობას როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო ფორმატებში.
მინისტრების შეხვედრას ასევე ესწრებოდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.