აზერბაიჯანის საგარეო უწყება – ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მაგდალენა გრუნომ ახალ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პერსპექტივები განიხილეს

აზერბაიჯანის საგარეო უწყება – ჯეიჰუნ ბაირამოვმა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მაგდალენა გრუნომ ახალ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პერსპექტივები განიხილეს

აზერბაიჯანმა და ევროკავშირმა ახალ ორმხრივ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პერსპექტივები განიხილეს, – ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, მაგდალენა გრუნოს შორის გაიმართა.

აზერბაიჯანის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები, ორმხრივი პარტნიორობის განვითარების პერსპექტივები და რეგიონში არსებული ვითარება.

ამასთან, მხარეებმა ისაუბრეს მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტებისა და კონტაქტების მნიშვნელობაზე, რაც, მათი თქმით, აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალი მიმართულებებით გაფართოებას შეუწყობს ხელს.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აცხადებენ, შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს განვითარება, პარტნიორობის პრიორიტეტების შესახებ ორმხრივ დოკუმენტზე მოლაპარაკებების დასრულება და ახალი ორმხრივი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელების პერსპექტივები.

ბაირამოვმა ევროკავშირის წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისა და ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების მიერ აგვისტოში ბიშკეკში გამართული შეხვედრის მნიშვნელობა რეგიონში მშვიდობის დამყარების პროცესის წინსვლისთვის.

მხარეებმა ისაუბრეს აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკისა და კომუნიკაციების სფეროებში თანამშრომლობაზე, ასევე გაცვალეს მოსაზრებები ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე.