ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა

საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მან ხაზი გაუსვა აღნიშნული სამსახურის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ სფეროში განხორციელებული რეფორმები მნიშვნელოვანია სანდო და ჯანსაღი ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებისთვის.

„ანგარიშგებისა და აუდიტის საერთაშორისო სტანდარტები გახდა ჩვენი პროფესიული გარემოს მნიშვნელოვანი საფუძველი. შეიქმნა ანგარიშგების უნიკალური საჯარო სისტემა (Reportal.ge), განვითარდა ზედამხედველობის მექანიზმები და თანდათან გაიზარდა, როგორც ბიზნესის, ისე პროფესიული სექტორის ჩართულობა. რეფორმის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საბუღალტრო და აუდიტორული სექტორის ჩართულობა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სფეროში SARAS-ის მანდატის გაფართოება და ზედამხედველობის გაძლიერება, ქვეყნის ფინანსური სისტემის მდგრადობისა და სანდოობის დაცვის მნიშვნელოვანი მექანიზმია“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

გამოსვლაში ფინანსთა მინისტრმა ისაუბრა საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაწეულ მხარდაჭერაზე. როგორც მან აღნიშნა, რეფორმის განვითარებაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს საერთაშორისო ორგანიზაციებმა და დონორებმა, მათ შორის, მსოფლიო ბანკმა და სხვა პარტნიორებმა.

ლაშა ხუციშვილმა სამსახურის თითოეულ თანამშრომელს მადლობა გადაუხადა ათი წლის განმავლობაში სისტემის შექმნასა და განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა საქმიანობაში. მან, ასევე, ხაზი გაუსვა ბიზნესისა და პროფესიული ორგანიზაციების როლს რეფორმის ხელშეწყობის პროცესში.

ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.