კაია კალასი ინიციატივით გამოდის, რომ ევროპულ პროკურატურას მიენიჭოს უფლებამოსილება, საქმეები აღძრას იმ კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი გამოდის ინიციატივით, რომ ევროპულ პროკურატურას მიენიჭოს უფლებამოსილება, აღძრას საქმეები იმ კომპანიებისა და კერძო პირების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს ევროკავშირის სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან.
გამოცემა „პოლიტიკო“ დიპლომატებზე დაყრდნობით წერს, რომ ამის შესახებ კალასმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა.
კალასის ინიციატივის მიხედვით, ევროპულმა პროკურატურამ ევროკავშირის ტერიტორიაზე სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახორციელოს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც სხვადასხვა ფორმით დაარღვევენ მოქმედ შეზღუდვებს და თანამშრომლობენ „შავ სიაში” შეყვანილ რუსეთისა და ბელარუსის ორგანიზაციებთან.
„პოლიტიკოს“ სტატიაში ნათქვამია, რომ განსხვავებული ეროვნული კანონმდებლობები და სხვადასხვა ქვეყნების პროკურატურების განსხვავებული მიდგომები ევროკავშირის სანქციების აღსრულებას აფერხებს.
ცნობისთვის, ამჟამად ევროპული პროკურატურის ამოცანებში შედის ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებული დანაშაულების, მათ შორის ფულის გათეთრების, კორუფციისა და ტრანსსასაზღვრო თაღლითობის გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა.