საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებლებს, რომლებიც საპენსიო ფონდში გადაუხდელ შენატანებსა და საურავებს წლის ბოლომდე დაფარავენ, დაკისრებული ჯარიმა ჩამოეწერებათ
საკონმდებლო ინიციატივის მიხედვით, დამსაქმებლებს, რომლებიც საპენსიო ფონდში შენატანებს წლის ბოლომდე დაფარავენ, დაკისრებული ჯარიმა ჩამოეწერებათ, – ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბიუროზე დაინიცირდა დაგროვებითი პენსიის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ხუთ ძირითად საკითხს მოიცავს.
„საქმე ეხება საპენსიო ფონდში შენატანებს. იყო შემთხვევები, როდესაც დამსაქმებელს არ ჰქონდა შენატანები და ერიცხებოდა ჯარიმები, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაინიციროთ ამ ჯარიმების ამნისტიის პროექტი. ეს ცვლილება შეეხება დაახლოებით 13 500 დამსაქმებელს, ჯამში დაახლოებით 43 მილიონ ლარს შეადგენს. თუ ეს დამსაქმებელი საპენსიო დავალიანებას და საურავებს დაფარავს მიმდინარე წლის ბოლომდე, ამ შემთხვევაში ჩამოეწერება ჯარიმები“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, კანონპროექტში ასევე არის პროცედურულ-შინაარსობრივი ხასიათის ცვლილებებიც, კერძოდ, მცირდება ჯარიმის ოდენობაც.
„პირველ და განმეორებით შემთხვევაში, აქამდე გათვალისწინებული 500 და 1000 ლარის ნაცვლად, იქნება 300 ლარი. გარდა ამისა, საპენსიო ფონდში შეიქმნება დავების განხილვის სამსახური. რაც საკითხის სასამართლომდე განხილვას უზრუნველყოფს. მეოთხე საკითხი შეეხება შესაძლებლობას, რომ საპენსიო შენატანების ეტაპობრივი გადახდა მოხდეს 18 თვემდე ვადით. მეხუთე საკითხი კი შეეხება ჯარიმის ჩაბარების და გასაჩივრების წესს. კერძოდ, შენატანის ათ დღეში დაფარვის შემთხვევაში, ჯარიმა გაუქმდება, ხოლო გასაჩივრებისას აღსრულება შეჩერდება. აქ მთავარია, რომ დამსაქმებელი თავის დასაქმებულს არ უხდიდა საპენსიო შენატანს, ანუ აზარალებდა თავის დასაქმებულს. ჩვენი მთავარი ინტერესი ამ შემთხვევაში არის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენი კანონმდებლობით ის, რომ დამსაქმებლებმა არ დააზიანონ საკუთარი დასაქმებულები. ამიტომ, იყო საკითხები, რომლის გამოც ეს ჯარიმები დაეკისრა გარკვეულ რაოდენობას. თუ დაიფარება ძირი თანხა, თვითონ საპენსიო შენატანი და საურავები, ჯარიმის ნაწილი მოიხსნება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.