პოლონეთში რუსული დრონის აღმოჩენის შესახებ განაცხადეს
პოლონეთის ქალაქ იაროსლავეცთან ახლოს, დასახლებულ პუნქტ რუსინოვოს პლაჟთან ბალტიის ზღვაში რუსული დრონი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა გაავრცელა.
„პირველადი დათვალიერება მიუთითებს იმაზე, რომ ეს რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატია. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სამსახურები მუშაობენ“, - განაცხადა მინისტრმა.
პოლონეთის შეიარაღებული ძალების ოპერატიულ სარდლობაში განაცხადეს, რომ 31 ივლისიდან მოყოლებული, პოლონურ სისტემებს ქვეყნის საჰაერო სივრცის არანაირი დარღვევა არ დაუფიქსირებიათ.
„ამიტომ, ამ ეტაპზე ეს ინციდენტი ვერ დაუკავშირდება რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებულ რაიმე თავდასხმას“, - აღნიშნა სარდლობის წარმომადგენელმა იაცეკ გორიშევსკიმ.