პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება
პირველად ფოთში, მუნიციპალიტეტის საჯარო ბაღებში, ჭადრაკის სწავლება იწყება. ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.
პროგრამის ფარგლებში, საბავშვო ბაღები ჭადრაკის სასწავლო შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა. სასწავლო პროცესს ფოთის საჭადრაკო სკოლის გამოცდილი და კვალიფიციური პედაგოგები წარმართავენ.
ახალი ინიციატივის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა შედგა საბავშვო ბაღების დირექტორებთან. მერის მოადგილემ ლექსო თოდუამ და საჭადრაკო სკოლის ხელმძღვანელმა დავით კოდუამ წარადგინეს პროექტი და ისაუბრეს მის მიზნებსა და განხორციელებაზე.
ინიციატივის მიზანია, ბავშვებს ადრეული ასაკიდან მიეცეთ ჭადრაკის შესწავლის შესაძლებლობა და თამაშის საშუალებით განუვითარდეთ ლოგიკური აზროვნების, ყურადღების კონცენტრაციის, გადაწყვეტილების მიღებისა და სხვადასხვა კოგნიტური და შემეცნებითი
უნარები.
პროგრამა საქართველოს ჭადრაკის ფედერაციასთან თანამშრომლობით განხორციელდება.
ფოთის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შეთავაზებას.