პარლამენტი მიმდინარე კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას უყრის კენჭს

პარლამენტი მიმდინარე კვირაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას უყრის კენჭს

საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის კანდიდატურას, მიმდინარე პლენარული სხდომების კვირაში უყრის კენჭს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

„დღეს გავრცელდა განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გეკა გელაძის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით. გეკა გელაძე შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს. მსურს, მადლობა გადავუხადო მას უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში საქმიანობისთვის. გეკა გელაძეს წარმატებას ვუსურვებ მომავალ საქმიანობაში. პარლამენტში უკვე შემოსულია პრემიერ-მინისტრის წარდგინება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ასარჩევად თამაზ ბორაშვილის კანდიდატურის თაობაზე, რომელსაც დღეს გადავცემ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს. ოთხშაბათს პარლამენტში მის კანდიდატურაზე კენჭისყრა ჩატარდება“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს წევრებს 15-18 სექტემბრის პლენარული სხდომების დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხებიც გააცნო.

პარლამენტის ბიუროს წევრებმა საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელეს და ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე წამყვანი და სავალდებულო კომიტეტები განსაზღვრეს.