გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

გივი მიქანაძე იორდანიის ჰაშემიტური სამეფოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე იორდანია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარეს ჰუსეინ ალ-ომუშს, ჯგუფის წევრებსა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მრჩევლებს შეხვდა, - ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს.

„გივი მიქანაძემ დელეგაციის წევრებს საქართველოს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები, მიღწეული შედეგები და განვითარების ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებასა და ახალგაზრდებისთვის განათლებისა და განვითარების შესაძლებლობების გაფართოებას.

ყურადღება გამახვილდა საქართველოში სწავლის მიმართ იორდანიელი ახალგაზრდების მზარდ ინტერესსა და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს გამოცდილების გაზიარების, ერთობლივი საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებზე.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა დაადასტურეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.