ლაშა ბექაური მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალშია, ნინო გულბანმა პირველი შეხვედრა მოიგო
აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა ლაშა ბექაურმა (90 კგ). ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა სენეგალელ დაკოსტას მოუგო და მერვედფინალში გავიდა, სადაც იაპონელ სანშირო მურაოს შეხვდება.
ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ნინო გულბანმა (70 კგ). ქართველმა ძიუდოისტმა ჩინელ მეტოქეს სძლია და შემდეგ ეტაპზე ისრაელის წარმომადგენელს, მაია გოშენს შეხვდება.
მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი შეხვედრა დათმო და ასპარეზობას გამოეთიშა ლუკა მაისურაძე (90კგ). 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონი 1/16-ფინალში სერბ ბორის რუტოვიჩთან დამარცხდა.
შეჯიბრებაზე წინასწარი შეხვედრები 10:30 საათზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 18:00 საათზე გაიმართება.
მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე სამი მედალია – მსოფლიო ჩემპიონი ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) – ვერცხლის, ხოლო გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.