AXIOS: ტრამპი ისრაელის დასახლებების წინააღმდეგ ბრიტანეთის სანქციებს არ შეეწინააღმდეგა
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეწინააღმდეგა დიდი ბრიტანეთის ინიციატივას, რომლის მიზანიც დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან დაკავშირებით ახალი სანქციების დაწესებაა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
თეთრი სახლის გადაწყვეტილება, არ შეეწინააღმდეგოს ბრიტანეთის ინიციატივას, რომელსაც კიდევ 11 დასავლური ქვეყანა შეუერთდა, მიანიშნებს, რომ ვაშინგტონი ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის პოლიტიკით დასავლეთ სანაპიროზე უკმაყოფილოა, წერს გამოცემა.
AXIOS-ის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა სამშაბათს განაცხადა, რომ სანქციებს დაუწესებს დასავლეთ სანაპიროზე დასახლებების მშენებლობაში ჩართულ პირებსა და ორგანიზაციებს. ლონდონმა ასევე გამოაცხადა ისრაელის დასახლებებიდან იმპორტირებული საქონლის აკრძალვის შესახებ.
გადაწყვეტილება ნეთანიაჰუს მთავრობის მიერ სადავო E1-ის ტერიტორიაზე ახალი დასახლების მშენებლობის გაგრძელების გადაწყვეტილებას მოჰყვა. ამ ტერიტორიაზე დასახლების მშენებლობა დასავლეთ სანაპიროს გაყოფას გამოიწვევს და მომავალში პალესტინის სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას ხელს შეუშლის, იუწყება გამოცემა.
AXIOS-ის ინფორმაციით, E1-ის ტერიტორიაზე დასახლებების მშენებლობას ეწინააღმდეგებიან აშშ-ის როგორც „რესპუბლიკური“, ისე „დემოკრატიული“ ადმინისტრაციები.
კანადა, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, ისლანდია, ირლანდია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, ესპანეთი და შვედეთი შეუერთდნენ დიდ ბრიტანეთს და განაცხადეს, რომ „ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებიდან საქონლით ვაჭრობის მიმართულებით ეროვნული და/ან ევროპული შეზღუდვების დაწესებას გეგმავენ“, წერს გამოცემა.
საპასუხოდ, ნეთანიაჰუს მთავრობამ აღმოსავლეთ იერუსალიმში ბრიტანეთის საკონსულოს დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. საკონსულო პალესტინის ხელისუფლებასთან ურთიერთობებს კურირებს. ისრაელმა ასევე გააძევა ბრიტანელი დიპლომატები და სამხედრო ოფიცრები, რომლებიც აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედ ღაზის საკითხებზე მომუშავე ჯგუფში იყვნენ მივლენილი, და დასავლეთ სანაპიროზე ბრიტანეთის სამხედრო მომზადების მისია შეწყვიტა.