გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი: ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება

„ჩვენთვის საამაყოა, რომ ქართველი მეზღვაურები ჩვენი ფლოტის ეკიპაჟების მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. ამჟამად ჩვენს გემებზე ათასზე მეტი ქართველი მეზღვაური მუშაობს და განსაკუთრებით გვახარებს, რომ მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება,” - განაცხადა მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი გემთმმართველი კომპანიის Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანდრეას ჰაჯიპეტრომ, რომელმაც საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის ფარგლებში ქართველი მეზღვაურებისა და საქართველოს საზღვაო სექტორის შესახებ ისაუბრა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მეზღვაურთა გლობალური დეფიციტი დღეს ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა.

„კვალიფიციური და კომპეტენტური მეზღვაურების გარეშე გემები ვერ იმოძრავებენ და შესაბამისად, ვერც გლობალური ვაჭრობა იფუნქციონირებს”, - აღნიშნა ანდრეას ჰაჯიპეტრომ.

მისი შეფასებით, ამ კონტექსტში ქართველი მეზღვაურების როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

„უაღრესად მნიშვნელოვანი და ღირებული პროფესიონალები არიან არა მხოლოდ ჩვენი ორგანიზაციისთვის, არამედ მთლიანად საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიისთვის”, - აცხადებს Columbia Group-ის აღმასრულებელი დირექტორი.

მან ასევე დადებითად შეაფასა საზღვაო აკადემიის მიერ სასწავლებელში მისაღები სტუდენტების რაოდენობის 500-დან 900-მდე გაზრდასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება.

„ვფიქრობ, ეს შესანიშნავი შედეგია და ამ ინიციატივაში მთავრობის დიდი წვლილია“, - აღნიშნა Columbia Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.