Deutsche Welle: რუსეთში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები დაიხურება
რუსეთში გოეთეს ინსტიტუტის ფილიალები დაიხურება. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსკოვმა მას შემდეგ მიიღო, რაც გერმანიის ხელისუფლებამ ბერლინში „რუსული სახლის“ ფუნქციონირების შესახებ შეთანხმება გააუქმა.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ხუთშაბათს, ვლადივოსტოკში მიმდინარე აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„გერმანელებს აქ გოეთეს ინსტიტუტის განყოფილებები აქვთ - მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგსა და ეკატერინბურგში. რა თქმა უნდა, ისინი დაიხურება მას შემდეგ, რაც ჩვენი კულტურული ცენტრი იქიდან გამოაძევეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, საკუთარ თავს პატივს არ ვცემთ“, - განაცხადა ლავროვმა.
„გერმანიის ხელისუფლება შეგნებულად წავიდა ამ ნაბიჯზე, რაც ცალსახად ნიშნავს რუსეთის ფედერაციაში მათი კულტურული ყოფნის დასრულებას“, - დასძინა მან.
ლავროვის განცხადება გერმანიის ხელისუფლების მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას მოჰყვა. ბერლინმა მოსკოვს პასუხისმგებლობა დააკისრა აგვისტოში, ლაიფციგის აეროპორტში მომხდარ უპილოტო საფრენი აპარატების ინციდენტზე.
საპასუხო ზომების ფარგლებში, გერმანიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 18 სექტემბრამდე დახუროს ქვეყანაში დარჩენილი რუსეთის უკანასკნელი გენერალური საკონსულო ბონში, ასევე გააუქმოს შეთანხმება ბერლინში „რუსული სახლის“ საქმიანობის შესახებ.
გარდა ამისა, ბერლინი გეგმავს გაამკაცროს კონტროლი ქვეყანაში რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე და გაძლიერებული ზომები მიიღოს რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ.