DW: გერმანიის ქალაქ ნოიშტადტში ავტომობილი ხალხში შევარდა - დაშავებულია ხუთამდე ადამიანი
გერმანიის ქალაქ ნოიშტადტ ამ რიუბენბერგეში BMW მარკის ავტომობილი ხალხში განზრახ შევარდა, რის შედეგადაც ოთხიდან ხუთამდე ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას DW ავრცელებს.
პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულებს საკმაოდ მძიმე დაზიანებები აქვთ, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევა ქვემო საქსონიის ფედერალურ მხარეში, ჰანოვერის მახლობლად, გვიან ღამით მოხდა.
პოლიციის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე რუტინული საგზაო შემოწმების დროს მისულმა პატრულმა ავტომობილის შესაჩერებლად ცეცხლი გახსნა.
პოლიციის წარმომადგენლის ინფორმაციით, ავტომობილიდან რამდენიმე ეჭვმიტანილი გადმოვიდა და ფეხით მიიმალა. ისინი ამ დრომდე დაკავებულები არ არიან.
„მომხდარი მოვლენების თანმიმდევრობა და თითოეული მონაწილე პირის ზუსტი როლი ჯერ კიდევ გამოძიების პროცესშია“, - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა.
გამოძიების წინასწარი მონაცემებით, შემთხვევის მონაწილეები ერთმანეთს იცნობდნენ. პოლიციის ვარაუდით, თავდამსხმელების სამიზნე კონკრეტული ადამიანების ჯგუფი იყო და მომხდარი შემთხვევითი ხასიათის არ ყოფილა.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.