Euractiv: ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპანიები ძალიან არიან ორიენტირებულნი მოგებაზე, რის გამოც წარმადობას ვერ ზრდიან

Euractiv: ევროპის სამხედრო-სამრეწველო კომპანიები ძალიან არიან ორიენტირებულნი მოგებაზე, რის გამოც წარმადობას ვერ ზრდიან

ევროპის თავდაცვის ინდუსტრია წარმოების მასშტაბების საკმარისად სწრაფად გაზრდას ვერ ახერხებს, რადგან კომპანიები კვლავ ზედმეტად ფრთხილობენ და ინვესტიციებიდან მიღებულ შემოსავალზე არიან ორიენტირებული. ინფორმაციას Eucartiv-ი უკრაინული თავდაცვის კომპანია „Ukrainian Armor“-ის აღმასრულებელ დირექტორზე ვლადისლავ ბელბასზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დასავლეთ ევროპული ინდუსტრია, როდესაც თავდაცვის შესაძლებლობების, საწარმოო სიმძლავრეების შექმნაზე, წარმოებასა და ინვესტიციებზე ვსაუბრობთ, ითვლის შემოსავლებსა და ინვესტიციიდან ამონაგებს“, - განაცხადა „Ukrainian Armor“-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

მისი თქმით, ასეთი მიდგომა აფერხებს თავდაცვის ინდუსტრიის იმ მასშტაბით გაფართოებას, რომელიც ევროპას შესაძლო კონფლიქტისთვის მოსამზადებლად სჭირდება.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასიც იმ პირებს შორისაა, ვინც თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების მასშტაბების ზრდის ნელი ტემპით უკმაყოფილებას გამოთქვამს.

„ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ინდუსტრია იმ ტემპით ზრდიდეს წარმოებას, როგორსაც ველოდით. უნდა გავარკვიოთ, რა არის პრობლემა“, - განაცხადა კალასმა ცოტა ხნის წინ, ევროპის თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე.

„Ukrainian Armor“, რომელიც თავდაცვის სფეროსთვის ჯავშანტექნიკას, საარტილერიო ჭურვებსა და დრონებს აწარმოებს, რუმინელ პარტნიორებთან ერთობლივი წარმოების დაწყებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თუმცა, ბელბასის თქმით, მან პარტნიორების მხრიდან საკითხისადმი აშკარა მოუმზადებლობა დაინახა.

„მათი პოზიცია დაახლოებით ასეთი იყო: კარგი, მოდი, ექვს თვეში შევხვდეთ და შემდეგ ვნახოთ, რა ხდება“, - განაცხადა მან.

თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან მათ წინასწარ უწევთ ინვესტირება, მაშინ როდესაც გარანტირებული კონტრაქტები არ აქვთ.