Euronews: ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს

Euronews: ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს

ცხრა კანდიდატი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, მაშინ როცა სამი მდიდარი დემოკრატია მის ფარგლებს გარეთ დარჩენას ირჩევს, - წერს Euronews-ის ფრანგულენოვანი გამოცემა სტატიაში სათაურით „რატომ სურს ამდენ ქვეყანას ევროკავშირში შესვლა, ევროპის ყველაზე მდიდარი ქვეყნის გარდა?“

უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის სამართლებრივ ბაზასთან საკუთარი კანონმდებლობის შესაბამისობის შემოწმება დაასრულეს. მონტენეგრომ მოლაპარაკებების 33 თავიდან 18 უკვე დახურა და მიზნად ისახავს, შეასრულოს საკუთარი გეგმა - გახდეს ევროკავშირის 28-ე წევრი 2028 წლისთვის. ალბანეთი კი მოლაპარაკებების მომავალ წლამდე დასრულებას ვარაუდობს.

თითოეული ეს კანდიდატი უფრო ღარიბია, ინსტიტუციურად ნაკლებად სტაბილურია ან რუსეთის საზღვრებთან უფრო ახლოს მდებარეობს, ვიდრე ისლანდია ოდესმე იქნება, და მაინც, ყველა მათგანს ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

ისლანდიამ, რომელიც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობაზე მდიდარი და სტაბილურია, 29 აგვისტოს რეფერენდუმზე გაერთიანებას „არა“ უთხრა. ისლანდიელთა 52.8%-მა ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლება უარყო.

თუმცა ისლანდია ევროპის ეკონომიკურ ზონასა და შენგენის სივრცეში რჩება და ერთიან ბაზართან კავშირს ჩვეულებრივ ინარჩუნებს, აშკარაა, რომ მისი მოქალაქეები პროცესის გაღრმავებას არ ემხრობიან.

ისეთი კანდიდატები, როგორებიც უკრაინა და მონტენეგრო არიან, წევრობით გეოპოლიტიკურ საყრდენს, ევროპულ ფონდებზე წვდომასა და რეფორმების ისეთ ჩარჩოს იძენენ, რაც უკუსვლას პოლიტიკურად ძალიან ძვირადღირებულს ხდის.

ისლანდიას კი ეკონომიკური სარგებლის უდიდესი ნაწილი ევროპის ეკონომიკური ზონის წყალობით ისედაც ხელთ აქვს, ხოლო მისი უსაფრთხოება ნატოს მიერაა გარანტირებული. შესაბამისად, სასწორზე უმთავრესად პოლიტიკური ფასი დევს - ადგილი ბრიუსელის ინსტიტუციებში სუვერენიტეტის უფრო მეტად დათმობის სანაცვლოდ.

ბრიუსელი განსხვავებულ შედეგს ელოდა და მიაჩნდა, რომ ამისთვის საკმარისი საფუძველიც ჰქონდა. დიპლომატებს ისლანდიელთა თანხმობა ევროკავშირის მიმზიდველობის ტესტად მიაჩნდათ - იმის დასტურად, რომ გაერთიანებას შეუძლია არა მხოლოდ გადარჩენის ან რეფორმების ძიებაში მყოფი სახელმწიფოების, არამედ მდიდარი და გამართულად მომუშავე დემოკრატიის მიზიდვაც.

გარკვეული ოფიციალური პირები ვარაუდობდნენ, რომ ორმაგი იმპულსი - ამ სიგნალისა და მონტენეგროს ევროინტეგრაციის პროგრესის შეწყვილება - ბლოკის სკეპტიკურად განწყობილ დედაქალაქებს გაფართოების ახალი ტალღის მხარდაჭერას გაუადვილებდა.

ისლანდია ერთადერთი შემთხვევა არ არის ევროკავშირის მიღმა დარჩენილ მდიდარ ქვეყნებს შორის. ნორვეგიამ ევროპული სამართლის დაახლოებით სამი მეოთხედი ასახა საკუთარ კანონმდებლობაში ევროპის ეკონომიკური ზონის მეშვეობით, თუმცა გაერთიანებაში გაწევრიანებაზე თანხმობა არასდროს მიუღია. წელს ჩატარებული გამოკითხვები წევრობისადმი მხარდაჭერის მხოლოდ 37%-ს აჩვენებს, ხოლო 49% წინააღმდეგია. ეს სურათი უცვლელია მას შემდეგ, რაც ნორვეგიელებმა გაწევრიანება ორჯერ - 1972 და 1994 წლებში - უარყვეს.

შვეიცარიამ, იმის ნაცვლად, რომ საერთო მაგიდასთან ადგილი მოეპოვებინა, გასული წელი ორმხრივი შეთანხმებების გაღრმავებას დაუთმო. მიღმა დარჩენილ მდიდარ ქვეყნებს ისეთი კოზირი აქვთ, როგორიც სხვა კანდიდატებს არ გააჩნიათ: სრულფასოვანი წევრობის რეალური ალტერნატივები, რომლებიც მათ ძირითად ეკონომიკურ სარგებელს პოლიტიკური ფასის გადახდის გარეშე ანიჭებს.