გელა სამხარაულმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გელა სამხარაულმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც აგროსასურსათო სისტემების საკითხებს შეეხებოდა.

შეხვედრაზე აგროსასურსათო სისტემების ტრანსფორმაციის მიმართულებით რეგიონული პრიორიტეტები, გამოწვევები და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს. მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს შიმშილისა და არასათანადო კვების წინააღმდეგ მიმართული მესამე გლობალური საპარლამენტო სამიტისთვის საერთო გზავნილებსა და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებაზე.

შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გელა სამხარაულმა, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების მიმართულებით საქართველოს გამოცდილება გაუზიარა.

„გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან (FAO) თანამშრომლობით, 2023 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირებისა და სურსათის დონაციის შესახებ“ კანონი, რომელმაც შექმნა სამართლებრივი საფუძველი როგორც სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების პრევენციისა და შემცირებისთვის, ისე უვნებელი ჭარბი სურსათის დონაციისა და გადანაწილებისთვის. ჩვენი ამოცანაა სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების პრევენცია და შემცირება. თუმცა იქ, სადაც ჭარბი სურსათი მაინც წარმოიქმნება, მოხმარებისთვის ვარგისი და უვნებელია, უნდა არსებობდეს ეფექტიანი მექანიზმი, რომელიც მას ნარჩენად ქცევის ნაცვლად ადამიანების დასახმარებლად მიმართავს“, - განაცხადა გელა სამხარაულმა.

მისივე თქმით, საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტში ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს მწარმოებელთა ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტზე.

ონლაინ შეხვედრა გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ოფისის (REU) ორგანიზებით გაიმართა.