Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა
იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი დღეს მისი მემარჯვენე კოალიციური მთავრობის პოლიტიკური ხანგრძლივობის რეკორდს აღნიშნავს. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კოალიციამ სკეპტიკოსების პროგნოზები არ გაამართლა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი მთავრობა გახდა.
იტალიაში, რომელიც ხშირი პოლიტიკური კრიზისებითა და კოალიციური მთავრობების დაშლით არის ცნობილი, მელონის სამპარტიულმა კოალიციამ ხელისუფლებაში 1 413 დღე გაატარა - ერთი დღით მეტი, ვიდრე სილვიო ბერლუსკონის მეორე მთავრობამ 2000-იანი წლების დასაწყისში. ამასთან, კოალიციას ხელისუფლებაში ყოფნის ოთხი წლის შესრულებამდე დაახლოებით შვიდი კვირა რჩება.
„იტალიაში ოთხი წლის განმავლობაში სტაბილური მთავრობის არსებობა ისეთი რამ არის, რაც აქამდე არასდროს მომხდარა“, - განაცხადა მელონის პარტიის, „იტალიის ძმების“ დეპუტატმა ილენია ლუკასელიმ. პარტია პარასკევს საღამოს ბარიში მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებას მართავს, რომელშიც მონაწილეობას პრემიერ-მინისტრიც მიიღებს.
როგორც გამოცემა იუწყება, მელონის მმართველობის პერიოდში იტალიაში დამყარებული პოლიტიკური სტაბილურობა მკვეთრად განსხვავდება ისეთი ქვეყნების ვითარებისგან, როგორიც გაერთიანებული სამეფოა, სადაც მელონის 2022 წლის ოქტომბერში, ლიზ ტრასის ხანმოკლე და წარუმატებელი პრემიერობის ბოლო დღეებში, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ უკვე მეოთხე პრემიერ-მინისტრი ჰყავთ.
მელონი, რომელმაც პოლიტიკური კარიერა თინეიჯერობის ასაკში ნეოფაშისტურ იტალიურ სოციალურ მოძრაობაში აქტივისტად დაიწყო, მისი ხელისუფლებაში ხანგრძლივად ყოფნის რეკორდს ბოლო პერიოდში რამდენიმე მნიშვნელოვანი ჩავარდნის ფონზე აღნიშნავს. მათ შორისაა აშშ-ის პრეზიდენტთან დონალდ ტრამპთან სერიოზული უთანხმოება. ამასთან, მელონის მომავალ წელს რთული არჩევნები ელოდება, სადაც ის ხელახლა არჩევისთვის იბრძოლებს.
„სტაბილურობა არ არის რეკორდი, რომლითაც თავი უნდა მოვიწონოთ. ეს არის პირობა, რომელიც ერს შესაძლებლობას აძლევს, დაგეგმოს, მიიღოს გადაწყვეტილებები, შეასრულოს ვალდებულებები და პატივისცემა დაიმსახუროს“, - დაწერა მელონიმ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, შედეგები სახეზეა, თუმცა მან კარგად იცის, კიდევ რამდენი რამ რჩება გასაკეთებელი.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მთავრობის ხანგრძლივად მუშაობის რეკორდის გარშემო შექმნილი აჟიოტაჟი ეკონომიკის ხანგრძლივი სტრუქტურული პრობლემების მოგვარებაში პროგრესის ნაკლებობას ფარავს. მათ შორისაა ენერგიაზე მაღალი ფასები და დაბალი პროდუქტიულობა.
ბოლო სამი წლის განმავლობაში იტალიის ეკონომიკური ზრდა 1%-ზე ნაკლები იყო და ტემპი კიდევ უფრო შენელდა, რის გამოც ქვეყანა ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ნელა მზარდ ეკონომიკად რჩება. ეს ხდება ევროკავშირის პოსტპანდემიური აღდგენის ფონდიდან თითქმის 200 მილიარდი ევროს მიღების მიუხედავად, წერს გამოცემა.
მიმდინარე წელს იტალიის ეკონომიკური ზრდა 0,5-დან 0,8%-მდეა პროგნოზირებული, ხოლო სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან 134-დან 138%-მდე გაიზარდა.
ამასთან, მელონისა და მისი ერთგული თანამოაზრეების მთავრობას ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი სტრუქტურული რეფორმების გატარების დიდი სურვილი არ გამოუვლენია. გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ბირთვული ენერგიის წარმოების აღდგენის შესახებ ხანგრძლივი დისკუსიები, რაც, მთავრობის აზრით, ხელმისაწვდომი და ენერგეტიკული თვალსაზრისით სუვერენული ენერგიის წყაროს შექმნას შეუწყობს ხელს.
კოალიციამ საკანონმდებლო საქმიანობის დიდი ნაწილი ე.წ. „უსაფრთხოების კანონპროექტებს“ დაუთმო, რომლებმაც ახალი სისხლის სამართლის დანაშაულები დააწესა და სხვადასხვა დანაშაულისთვის სასჯელები გაამკაცრა.
მელონიმ ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკური კაპიტალი დახარჯა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, თუმცა ეს ინიციატივა ეროვნულ რეფერენდუმზე უარყვეს.
„მან სტაბილურობის შენარჩუნება იმიტომ შეძლო, რომ არაფერი გააკეთა. მას არ შეუცვლია გავლენიანი ჯგუფების ინტერესები და არ დაურღვევია არსებული ბალანსი“, - განაცხადა ოპოზიციური დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა ლია კვარტაპელემ.
მისი თქმით, „ეს ოთხი წელი, რომელთა გამოყენებაც სასარგებლო საქმეებისთვის შეიძლებოდა, სრულად დაიკარგა“.
თუმცა, მელონიმ იმაზე გაცილებით მეტი პრაგმატიზმი გამოავლინა, ვიდრე მისი პოლიტიკური წარსული შეიძლება მიანიშნებდეს, წერს Financial Times-ი.