POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს

POLITICO: საფრანგეთი ევროკავშირს ახალი გადასახადების დაწესებისკენ მოუწოდებს, რათა დამატებით 60 მილიარდი ევრო მოიზიდოს

ფრანგული მხარის მტკიცებით, ევროკავშირის მასშტაბით ახალი გადასახადებიდან 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა შეგროვდეს და ეს თანხა ბლოკის მომდევნო შვიდწლიან ბიუჯეტში უნდა მიიმართოს. ინფორმაციას POLITICO ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა იუწყება, პარიზი ე.წ. საკუთარი რესურსების სახელით ცნობილი ახალი გადასახადების მთავარი მხარდამჭერი გახდა. საფრანგეთი ამტკიცებს, რომ მათი შემოღება ევროკავშირის პრიორიტეტების, მათ შორის თავდაცვისა და კონკურენტუნარიანობის დასაფინანსებლად დამატებით შემოსავლებს შექმნის და ამასთან, ბრიუსელის ბიუჯეტში წევრი ქვეყნების შენატანებს შეამცირებს.

პარიზის მხარდაჭერის მოპოვება გადამწყვეტია, რათა მთავრობებმა წლის ბოლომდე ბიუჯეტის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიონ, ვიდრე 2027 წელს საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთსა და ესპანეთში დაგეგმილი არჩევნები მოლაპარაკებების ჩაშლის საფრთხეს შექმნის, წერს გამოცემა.

შიშობენ, რომ საფრანგეთისთვის არასახარბიელო საბიუჯეტო შეთანხმებამ შესაძლოა ულტრამემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ მხარდაჭერა გაზარდოს. პარტია ამჟამად საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობს და ევროკავშირის ბიუჯეტში საფრანგეთის შენატანების განახევრებას ითხოვს.

დიპლომატების განცხადებით, სამშაბათს გამართულ დახურულ შეხვედრაზე საფრანგეთის ელჩმა ევროკავშირში ფილიპ ლეგლის-კოსტამ კოლეგებს განუცხადა, რომ ევროკავშირის მასშტაბით ახალმა გადასახადებმა 60 მილიარდ ევროზე მეტი უნდა მოიზიდოს. დიპლომატების თქმით, რომლებიც მოლაპარაკებების შესახებ პირდაპირ ინფორმაციას ფლობენ, ეს სხვა ქვეყნების უმრავლესობისთვის მაღალი ზღვარია.

არცერთ სხვა ქვეყანას არ დაუკონკრეტებია, რა ოდენობის თანხის მობილიზება სურს ახალი გადასახადებიდან.