POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განადგურების მიზნით

POLITICO: აშშ ნატოს მოკავშირეებზე ზეწოლას ახდენს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს განადგურების მიზნით

აშშ ცდილობს ნატოს მოკავშირეები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) „სისტემატური დემონტაჟის“ კამპანიაში ჩართოს, რაც ისედაც დაძაბულ ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებზე დამატებით ზეწოლას ქმნის. ინფორმაციას POLITIC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნატოს 32 წევრი ქვეყნის ელჩების დახურულ შეხვედრაზე, რომელიც ივლისის შუა რიცხვებში ბრიუსელში გაიმართა, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა მეთიუ უიტაკერმა ალიანსის წევრებს საერთაშორისო სასამართლოს დაშლაში დახმარება და მისი დამფუძნებელი დოკუმენტიდან, რომის სტატუტიდან გასვლისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ნატოს სამმა დიპლომატმა განაცხადა.

დიპლომატების ინფორმაციით, უიტაკერმა გამოსვლა დაასრულა სიტყვებით: „ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით, ვინ დგას ამერიკის გვერდით“.

მოკავშირეებზე ზეწოლა, დატოვონ სასამართლო, გამოწვეულია ვაშინგტონის შეშფოთებით, რომ შესაძლოა აშშ-ის მაღალჩინოსნებს ომის დანაშაულებთან დაკავშირებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაემუქროთ. ეს ტრამპის ადმინისტრაციის უფრო ფართო კამპანიის ნაწილია საერთაშორისო ინსტიტუტებისა და წესების წინააღმდეგ, რომლებიც, ვაშინგტონის შეფასებით, აშშ-ის მოქმედების თავისუფლებას ზღუდავს, წერს გამოცემა.

POLITICO-ს ინფორმაციით, თეთრმა სახლმა უკვე გადადგა ნაბიჯები პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან აშშ-ის გასაყვანად, ქვეყანა გამოიყვნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოდან, ასევე ზეწოლა მოახდინა კომპანიებზე, რომ მათ ამ კვირაში პარიზში დაგეგმილ კოსმოსურ სამიტს ბოიკოტი გამოუცხადონ. პარალელურად, ვაშინგტონმა სავაჭრო ომების სერია წამოიწყო.

უიტაკერის განცხადებების პარალელურად, აშშ-ის მისიამ ნატოს დელეგაციებს დოკუმენტი გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამია: „აშშ სისტემატურად დაშლის ICC-ის შესაძლებლობებს... ჩვენ კატეგორიულად მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ გადადგათ ნაბიჯები სასამართლოდან გასასვლელად“.

POLITICO-თვის მიწოდებული დოკუმენტის შინაარსის თანახმად, ვაშინგტონი მოკავშირეებს ასევე მოუწოდებდა, „შეესწავლათ ICC-ის საფრთხე“ საკუთარი ქვეყნებისთვის, „საჯაროდ დაეგმოთ“ სასამართლოს მიერ უფლებამოსილების „გადამეტება“ და „დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ“ სასამართლოსთვის ნებისმიერი მატერიალური მხარდაჭერა.

„მოდით, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ICC-ის ეს ფარსი“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ნატო თავად სასამართლოს წევრი არ არის, თუმცა ალიანსის წევრი ქვეყნებიდან მხოლოდ თურქეთი და აშშ არ არიან რომის სტატუტის მონაწილეები.