Reuters: როგორ შეინარჩუნა ირანმა ჩინეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონლის მიღება სანქციების გვერდის ავლით

Reuters: როგორ შეინარჩუნა ირანმა ჩინეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონლის მიღება სანქციების გვერდის ავლით

ირანმა ნავთობის გაყიდვაზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლის მიზნით ბარტერის მსგავს სქემას მიმართა, რომლის საშუალებითაც ჩინეთიდან მილიარდობით დოლარის ღირებულების საქონელს, მათ შორის სამხედრო აღჭურვილობას, ყიდულობდა. ინფორმაციას Reuters-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საიდუმლო სავაჭრო მექანიზმის ფარგლებში ირანული ნავთობი ჩინეთიდან იმპორტისთვის საჭირო კრედიტებში იცვლებოდა. ანონიმურობის პირობით მოსაუბრე წყაროების ცნობით, ეს სქემა ბოლო წლებში თეირანისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საყრდენად იქცა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის ბირთვული პროგრამის გამო ქვეყანაზე ეკონომიკური და სამხედრო ზეწოლა გააძლიერა, წერს სააგენტო.

წყაროების თქმით, ეს მექანიზმი ჩინეთსაც ეხმარებოდა - მსოფლიოში ნედლი ნავთობის უმსხვილეს იმპორტიორ ქვეყანას ირანული ნავთობის შეღავათიან ფასად მიღების შესაძლებლობას აძლევდა და ამავდროულად იცავდა ირანში საქონლის ექსპორტში ჩართულ ბანკებსა და კომპანიებს საერთაშორისო კონტროლისა და სანქციებისგან.

აშშ-მა სანქციები დაუწესა რამდენიმე მცირე ჩინურ კომპანიასა და ორგანიზაციას, რომლებიც ირანულ ნავთობს ყიდულობენ ან მისი გადაზიდვების ხელშეწყობაში მონაწილეობენ. თუმცა ვაშინგტონმა თავი შეიკავა ყველაზე მკაცრი ზომებისგან, რომლებსაც გლობალურ ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეეძლო.

სააგენტოს ინფორმაციით, აშშ ირანზე ზეწოლას ბოლო პერიოდში კიდევ უფრო აძლიერებს, რადგან ირანთან ომის დასრულებას და ჰორმუზის სრუტის გახსნას ცდილობს.

აგვისტოში აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა ქვეყნებს მოუწოდა, ირანთან ბიზნესკავშირები გაწყვიტონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი შესაძლოა დოლარზე დაფუძნებული საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან გარიყვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ.

Reuters-მა ვერ დაადგინა, რა გავლენა მოახდინა ამ ბარტერის მსგავს სქემაზე ირანის წინააღმდეგ დაწესებულმა აშშ-ის საზღვაო ბლოკადამ, რომელიც ექვსთვიანი ომის ფარგლებში მოქმედებს.

Reuters-ის ინფორმაციით, 14 ივლისს ბლოკადის ხელახლა ამოქმედების შემდეგ ირანული ნედლი ნავთობის არცერთმა ტანკერმა ჰორმუზის სრუტის გავლით ჩინეთამდე წარმატებით ვერ მიაღწია.

ჩინეთმა და ირანმა არაერთხელ დაგმეს დასავლეთის მიერ დაწესებული, მათი შეფასებით, უკანონო და ცალმხრივი სანქციები და განაცხადეს, რომ საკუთარი ინტერესების დაცვას აპირებენ. ქვეყნები ხანგრძლივი ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორები არიან, თუმცა საჯაროდ ნაკლებად საუბრობენ იმაზე, როგორ ახერხებენ საერთაშორისო შეზღუდვების მიუხედავად სავაჭრო ურთიერთობების შენარჩუნებას.

ყველა წყაროს ინფორმაციით, ირანი ამ სქემას ჩინეთიდან მედიკამენტების, ავტომობილებისა და საკომუნიკაციო აღჭურვილობის შესაძენად იყენებდა.

ამასთან, ჩინელი მწარმოებლები ირანთან პირდაპირ არ თანამშრომლობდნენ და არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ მათ სანქციები დაარღვიეს.

წყაროების ცნობით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს მექანიზმი სულ მცირე ერთხელ გამოიყენეს ირანისთვის მილიონობით დოლარის ღირებულების საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებული კონტრაქტების ფარგლებშიც.