Reuters: იემენელმა „ჰუსიტებმა“ სტრატეგიულ კუნძულზე კონტროლი დაამყარეს - საზღვაო გადაზიდვებს საფრთხე ემუქრება
იემენში ირანის მოკავშირე „ჰუსიტებმა“ დღეს ბაბ-ელ-მანდების სრუტეში მდებარე სტრატეგიული კუნძული პერიმი დაიკავეს. ინფორმაციას Reuters-ი იემენის მთავრობის ოთხ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, კუნძულის დაკავებამ შესაძლოა მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საზღვაო მარშრუტზე „ჰუსიტების“ კონტროლი კიდევ უფრო გააძლიეროს და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის ფონზე ენერგეტიკული ბაზრებისთვის საფრთხე გაზარდოს.
მანამდე, საუდის არაბეთის მიერ მხარდაჭერილი, საერთაშორისოდ აღიარებული იემენის მთავრობის ორმა წყარომ განაცხადა, რომ სამთავრობო ძალებმა პერიმიდან უკან დაიხიეს და „ჰუსიტებმა“ ასევე დაიკავეს წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქი დუბაბი, რომელიც კუნძულის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს.
თუ „ჰუსიტები“ ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე სრულ კონტროლს დაამყარებენ, ეს ირანს, რომელიც მათ მხარს უჭერს, აშშ-თან ომში მნიშვნელოვან უპირატესობას მისცემს. სრუტის ჩაკეტვა მეორე მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის გავლით მიწოდებებს შეამცირებს და ნავთობის ფასების მკვეთრ ზრდას გამოიწვევს, წერს Reuters-ი.
მსოფლიოში ნავთობის უმსხვილესი ექსპორტიორი საუდის არაბეთი წითელი ზღვის მარშრუტზე მას შემდეგ არის დამოკიდებული, რაც ირანთან კონფლიქტის გამო ჰორმუზის სრუტე, რომლის გავლითაც მსოფლიოში მოხმარებული ნავთობის მეხუთედი გადიოდა, ფაქტობრივად დაიხურა.
ამასობაში მსოფლიოში ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე 100 დოლარს გადააჭარბა. თუმცა, პარასკევს ფასები ოდნავ შემცირდა მას შემდეგ, რაც Financial Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჰორმუზის სრუტეში საზღვაო გადაზიდვების მართვის დროებითი შეთანხმების მიღწევას ცდილობენ.
ამავდროულად, იემენის სამთავრობო ძალებმა განაცხადეს, რომ შეეცდებიან, დაიბრუნონ ტერიტორიები, რომლებიც ჰუსიტებმა ამ კვირაში წითელი ზღვის სანაპიროზე განხორციელებული სწრაფი შეტევის შედეგად დაიკავეს.
მთავრობამ განაცხადა, რომ სტრატეგიულ რაიონებში, მათ შორის სანაპირო ქალაქ მოჩისკენ მიმავალ გზაზე, „ჰუსიტების“ „ტერორისტული“ დაჯგუფებების გადაადგილების აღსაკვეთად იარაღსა და ავიაციას გამოიყენებს. ჰუსიტებმა ხუთშაბათს ქალაქი მოჩა და წითელ ზღვაში მდებარე ჰანიშის კუნძულები დაიკავეს.