The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პოპულარობის მაჩვენებლები მკვეთრად დაეცა, წერს გამოცემა The American Conservative.

არც ისე დიდი ხნის წინ ვოლოდიმირ ზელენსკის მთელი მსოფლიო გმირად მიიჩნევდა, ხოლო საკუთარ ქვეყანაში მისი პოპულარობა განსაკუთრებულად მაღალი იყო. თუმცა, როგორც გამოცემის ავტორები წერენ, დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, ზელენსკისთვის შესაძლოა საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველ სამეულში მოხვედრაც კი რთული აღმოჩნდეს.

ზელენსკი ხელისუფლებაში 2019 წელს, არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შედეგად მოვიდა. კონსტიტუციით განსაზღვრული მისი ხუთწლიანი ვადა უკვე შვიდ წელზე მეტია გრძელდება, რაც ომით არის განპირობებული.

ავტორების თქმით, მართალია, უკრაინელების 57% აცხადებს, რომ ომის მიმდინარეობისას არჩევნების ჩატარება არ სურს, თუმცა, მათი შეფასებით, არასწორია მტკიცება, თითქოს უკრაინის კონსტიტუცია საბრძოლო მოქმედებების დასრულებამდე საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას კრძალავს.

როგორც გამოცემა წერს, დასავლური მედიის ნაწილი ზელენსკის იმით „იცავდა“, როცა ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს უკრაინის კონსტიტუცია ომის დროს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს.

ავტორების განმარტებით, უკრაინის კანონმდებლობა საომარი მდგომარეობის პირობებში საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას კრძალავს, თუმცა უკრაინის კონსტიტუციის 83-ე მუხლი მხოლოდ პარლამენტის უფლებამოსილების გაგრძელებას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, თუ საომარი მდგომარეობის გამო არჩევნების ჩატარება შეუძლებელია. მათი თქმით, კონსტიტუცია პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადის გაგრძელებას არ ითვალისწინებს.

სტატიის ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს ჩანაწერი, მათი შეფასებით, შეგნებულად იყო დატოვებული. კონსტიტუციის ავტორებს, მათი თქმით, ეშინოდათ, რომ მომავალში რომელიმე პრეზიდენტს თანამდებობიდან ჩამოშორების თავიდან ასაცილებლად შესაძლოა საომარი მდგომარეობა გამოეცხადებინა.

ავტორებს მაგალითად მოჰყავთ ზელენსკის წინამორბედი პეტრო პოროშენკო, რომელსაც 2018 წლის ბოლოს უკრაინის სამმა ყოფილმა პრეზიდენტმა სწორედ ასეთი ნაბიჯის გადადგმის მცდელობაში დასდო ბრალი. პოროშენკომ მოგვიანებით არჩევნები წააგო.

გამოცემის სტატიაში უკრაინის პოლიტიკურ ვითარება და საზოგადოებრივი აზრის კვლევებია განხილული. ავტორების თქმით, სამი ძირითადი მაჩვენებელი მიუთითებს, რომ დღეს, არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, ზელენსკი შესაძლოა მნიშვნელოვანი მხარდაჭერის გარეშე დარჩეს.

პირველი მაჩვენებელი ბოლო კვლევების შედეგებია. უკრაინელების მხოლოდ 28% აცხადებს, რომ ომის დასრულების შემდეგ ზელენსკის პრეზიდენტად დარჩენას ისურვებდა. სხვა კვლევების თანახმად, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მას დაახლოებით 21% დაუჭერდა მხარს, რაც ყოფილ მთავარსარდალ ვალერი ზალუჟნისთან შედარებით მხოლოდ ერთი პროცენტული პუნქტით მეტია. სხვა გამოკითხვები კი, სტატიის ავტორების თქმით, მიუთითებს, რომ ზალუჟნი ზელენსკის დაამარცხებდა.

ავტორები ასევე წერენ ე.წ. „დახურულ კვლევებზე“, რომლებიც, მათი თქმით, მთავრობის დაკვეთით, შიდა გამოყენებისთვის ტარდება. მათი ინფორმაციით, ამ კვლევების ნაწილი აჩვენებს, რომ ზელენსკი შესაძლოა კირილო ბუდანოვთანაც დამარცხდეს, რომელიც დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელია.

მეორე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, ავტორების შეფასებით, შესაძლოა კიდევ უფრო საყურადღებო იყოს. არსებული კვლევების მიხედვით, ვერცერთი კანდიდატი ვერ აგროვებს პირველ ტურში გამარჯვებისთვის საჭირო უმრავლესობას, რაც მეორე ტურის ჩატარებას გახდის აუცილებელს.

სტატიის ავტორების თქმით, ყველაზე მაღალია იმ უკრაინელთა მაჩვენებელი, რომლებიც აცხადებენ, რომ მას არავითარ შემთხვევაში არ მისცემდნენ ხმას. მათი შეფასებით, ეს მეორე ტურში ზელენსკის დამარცხების ალბათობაზე მიუთითებს.

ერთ-ერთი ბოლო კვლევის თანახმად, ვალერი ზალუჟნი ზელენსკის 66%-დან 34%-მდე მაჩვენებლით დაამარცხებდა, კირილო ბუდანოვი - 60%-დან 40%-მდე, ხოლო ახლახან თანამდებობიდან გათავისუფლებული თავდაცვის მინისტრი მიხაილო ფედოროვი - 64%-დან 36%-მდე მაჩვენებლით.

მესამე მაჩვენებელი ნდობას უკავშირდება. ავტორების თქმით, კანდიდატების ნდობის საკითხში ზელენსკის მდგომარეობა კიდევ უფრო სუსტია. მათი მოყვანილი კვლევის მიხედვით, ნდობის მაჩვენებლით ზელენსკი მეექვსე ადგილზეა.

კვლევის თანახმად, ზალუჟნის სრულად 28% ენდობა, მეტ-ნაკლებად კი - 37%. 12% მას მეტ-ნაკლებად არ ენდობა, ხოლო 18% საერთოდ არ ენდობა. ფედოროვისა და ბუდანოვის ნდობა ზელენსკის მიმართ ნდობაზე მაღალია. მათ ასევე უსწრებენ უკრაინის შეიარაღებული ძალების მოქმედი მეთაური მიხაილო დრაპატიც და უპილოტო სისტემების ძალების მეთაური რობერტ ბროვდიც.

ზელენსკის სრულად მხოლოდ 18% ენდობა, მეტ-ნაკლებად კი - 25%. ამასთან, 37% აცხადებს, რომ მას საერთოდ არ ენდობა.

სტატიის ავტორების თქმით, ზელენსკის მხარდაჭერის შემცირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ხელისუფლებაში არსებული კორუფციაა. მათი ინფორმაციით, იმ ადამიანების მეხუთედი, რომლებიც ზელენსკის არ ენდობიან, ამის მთავარ მიზეზად კორუფციას ასახელებს, ხოლო უკრაინელების 59% ქვეყანაში არსებული კორუფციის მასშტაბზე პირადად ზელენსკის აკისრებს პასუხისმგებლობას.

სტატიის ავტორები მიიჩნევენ, რომ ეს დამოკიდებულება შესაძლოა უკეთესობისკენ არ შეიცვალოს, რადგან კორუფციასთან დაკავშირებული ახალი სკანდალები კვლავ ჩნდება და მათი თქმით, ეს ვითარება უკვე ზელენსკის უახლოეს გარემოცვასა და ადმინისტრაციის თანამშრომლებსაც შეეხო.