The Wall Street Journal: ირანის თავდასხმებმა ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო ობიექტებსა და ტექნიკაზე აშშ-ს 13 მილიარდი დოლარის ოდენობის ზარალი მიაყენა
ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ირანის თავდასხმები, მათ შორის იორდანიაში განხორციელებული ბოლო იერიში, მოწინააღმდეგის რაკეტებისა და დრონების მზარდ საფრთხეზე მიუთითებს. თუმცა აშშ სათანადოდ მზად არ არის საზღვარგარეთ მდებარე სამხედრო ბაზების, კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და სამხედრო მოსამსახურეების დასაცავად, იუწყება The Wall Street Journal-ი.
გამოცემის ინფორმაციით, განსაკუთრებით მოწყვლადია წყნარი ოკეანის რეგიონში მდებარე ამერიკული ობიექტები, რომლებიც ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის თავდასხმების საფრთხის წინაშე არიან. იგივე ეხება ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ობიექტებსაც.
კონგრესისა და პენტაგონის წინაშე არჩევანი ნათელია: საჭიროა თანხების ახლა დახარჯვა ამ ობიექტების დასაცავად, წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალში გაცილებით სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, წერს გამოცემა.
ოპერაცია „ეპიკური რისხვის“ დაწყებიდან ირანმა ახლო აღმოსავლეთში 2 000-ზე მეტი საჰაერო, სარაკეტო და დრონებით თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ გამოყენებული სულ მცირე 20 ობიექტი რვა ქვეყანაში დაზიანდა. ირანის მიერ მიყენებულმა ზარალმა მხოლოდ აშშ-თვის ტექნიკისა და ინფრასტრუქტურის დაზიანების სახით შესაძლოა 13 მილიარდ დოლარს მიაღწიოს. მთლიანობაში, ირანმა 42-ზე მეტი ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დააზიანა ან გაანადგურა, რომელთა ნაწილი სამხედრო ბაზებზე იყო განთავსებული.
იორდანიაში, მუვაფაკ სალტის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, ირანის ბოლო თავდასხმას სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა. დაზიანდა თვითმფრინავების ანგარები და სხვა ინფრასტრუქტურა. კატარში აშშ-ის გაერთიანებული საჰაერო ოპერაციების ცენტრმა მძიმე დაზიანება მიიღო. ირანის თავდასხმების შედეგად ამერიკელი სამხედროები დაიჭრნენ და თვითმფრინავები დაზიანდა საუდის არაბეთშიც.
როგორც გამოცემა იუწყება, ბაჰრეინში ირანმა იერიში მიიტანა აშშ-ის საზღვაო ძალების ცენტრალური სარდლობის შტაბზე, რადარებზე, სატელიტური კავშირის ანტენებსა და საწყობებზე. ირანმა ასევე შეუტია აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავების ანგარებსა და სატელიტური კავშირის სისტემებს ქუვეითში. გარდა ამისა, ირანმა და მისმა პარტნიორმა ძალებმა მიზანში ამოიღეს აშშ-ის საელჩოები საუდის არაბეთში, ქუვეითსა და ერაყში, ასევე აშშ-ის საკონსულო დუბაიში და სხვა ობიექტები.
აშშ-ის ინფრასტრუქტურის მოწყვლადობა ამ ტიპის თავდასხმების მიმართ მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო. უკრაინაში 2022 წლის თებერვალში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დრონებისა და სარაკეტო ომის განვითარებამ აიძულა როგორც უკრაინა, ისე რუსეთი, მნიშვნელოვანი ზომები მიეღოთ სამხედრო ბაზებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად, წერს გამოცემა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკრაინამ მნიშვნელოვნად გაზარდა საზენიტო-სარაკეტო სისტემების, დრონების საწინააღმდეგო სისტემების, ელექტრონული ბრძოლის საშუალებებისა და სენსორების გამოყენება, რომლებიც შემომავალი რაკეტებისა და დრონების აღმოჩენას, განადგურებას ან ელექტრონულ ჩახშობას უზრუნველყოფს. უკრაინამ ასევე შექმნა ფიზიკური ბარიერები რუსული თავდასხმებისგან დასაცავად, მათ შორის დრონების საწინააღმდეგო ბადეები და ბეტონის დამცავი კონსტრუქციების რამდენიმე ფენა. კრიტიკული ინფრასტრუქტურისთვის, მათ შორის მართვისა და კონტროლის შტაბებისა და თავდაცვის საწარმოების დასაცავად, ქვეყანამ მიწისქვეშა ობიექტებიც კი მოაწყო.
აშშ-მა უკრაინის ომის გამოცდილებიდან დასკვნების გამოტანა და ახლო აღმოსავლეთში საკუთარი სამხედრო ბაზებისა და სხვა ინფრასტრუქტურის დაცვა ძალიან ნელა დაიწყო. წყნარი ოკეანის რეგიონში გამოწვევა გაცილებით მასშტაბურია. ჩინეთი ირანზე უფრო სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და მას დრონებისა და ფრთოსანი, ბალისტიკური და ზებგერითი რაკეტების უფრო დიდი და მოწინავე არსენალი აქვს, ასკვნის გამოცემა.