ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალური სექციის Venezia Spotlight მონაწილეა
ლევან კოღუაშვილის ფილმი „გურია“ ვენეციის კინოფესტივალის ოფიციალური სექციის Venezia Spotlight მონაწილეა.
ოფიციალური პროგრამის გამოცხადების დროს, ვენეციის კინოფესტივალის დირექტორმა ალბერტო ბარბერამ განაცხადა, რომ „გურია“ არის ძალიან სასაცილო კომედია, რომელიც ქართული კინოს ტრადიციებს აგრძელებს.
სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „გურია“ რეჟისორმა ლევან კოღუაშვილმა გადაიღო.
სცენარის ავტორები: ბორის ფრუმინი, ლევან კოღუაშვილის და გიორგი კეკელიძის მონაწილეობით.
მთავარ როლებში: კახაბერ ჭოლაძე, ნათია ნიკოლაიშვილი, ვამეხ ჯანგიძე
პროდიუსერები: ოლენა ერშოვა, ლევან კოღუაშვილი, ვლადიმერ კაჭარავა
ოპერატორები: გიგი სამსონაძე, გიორგი შველიძე
მხატვარი: კოტე ჯაფარიძე
კომპოზიტორი: გიორგი გორდელაძე
კოსტიუმები: ეკა ბიჭინაშვილი, ქეთი კალანდაძე
„გურია“ არის ტრაგიკომედია სიყვარულსა და მეგობრობაზე 1990-იანი წლების დასაწყისის გაჭირვებულ, მაგრამ მაინც ნიჭიერ და ადამიანურობით სავსე გურიაში. უშუქობის, სიღარიბისა და ყაჩაღობის მიუხედავად, გურიაში ხალხი მაინც ახერხებს სიყვარულს, ჩხუბს, მეგობრობას, შიგადაშიგ სიმღერას და ოცნებას, ანუ ცხოვრება გრძელდება და გაგრძელდება მანამ, სანამ ადამიანი ადამიანურობას ინარჩუნებს.
„გურია“ შვიდი ქვეყნის კო-პროდუქციაა (საქართველო, შვეიცარია, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, ნორვეგია, თურქეთი, საუდის არაბეთი).
საქართველოს მხრიდან ფილმის შექმნაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, კულტურის სამინისტრო, „შემოქმედებითი საქართველო“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ (პირველი არხი) და „აწარმოე საქართველოსთვის“.
ფილმის რეჟისორი ლევან კოღუაშვილი დაიბადა 1973 წელს.
საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლობდა შოთა რუსთაველის სახელობის კინოსა და თეატრის ინსტიტუტში, მაგრამ აფხაზეთის ომის გამო ლევანმა სწავლას დროებით თავი დაანება და ორი წლის განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად ტელეკომპანია “იბერვიზიაში”. 1995 წელს ლევანმა ჩააბარა რუსეთის სახელმწიფო კინო ინსტიტუტის (ვგიკი) სარეჟისორო ფაკულტეტზე, ქართული წარმოშობის საბჭოთა კინოს კლასიკოსის მარლენ ხუციევის სახელოსნოში. 2007 წელს ლევან კოღუაშვილმა დაამთავრა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კინოსკოლის ნიუ- იორკის უნივერსიტეტის კინოს სამაგისტრო პროგრამა.
ნიუ-იორკში სწავლის დროს მან გადაიღო რამდენიმე მოკლემეტრაჟიანი მხატვრული და დოკუმენტური ფილმი, რომლებიც ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ისტორიებს მოგვითხრობენ. მისი სადიპლომო ნამუშევარი იყო დოკუმენტური ფილმი “ქალები საქართველოდან”, რომელმაც კინომოყვარულთა დიდი მოწონება დაიმსახურა და დღემდე ქართული დოკუმენტური კინოს ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად არის მიჩნეული.
2009 წელს გადაიღო პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ქუჩის დღეები“. ფილმის პრემიერა როტერდამის კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში შედგა. უცხოელმა კინოკრიტიკოსებმა ეს ფილმი თანამედროვე ნეორეალიზმის ბრწყინვალე ნიმუშად და ახალი ქართული ტალღის დასაწყისად მონათლეს.
2013 წელს ლევანმა გადაიღო „შემთხვევითი პაემნები“, რომელსაც დიდი საერთაშორისო წარმატება ხვდა წილად. ფილმის პრემიერა ბერლინისა და ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალებზე შედგა, მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალებზე კი ფილმმა ოცზე მეტი პრიზი მიიღო.
2016 წელს ლევანმა გადაიღო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „გოგიტას ახალი ცხოვრება“, რომლის პრემიერა შედგა დოკუმენტური კინოს მსოფლიოს მთავარ ფორუმზე, ამსტერდამის დოკუმენტური კინოს ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში.
2021 წელს გამოვიდა ლევან კოღუაშვილის მორიგი მხატვრული ფილმი „მეოთხე ბრაიტონი“, რომელმაც ნიუ-იორკის „ტრაიბეკას“ კინოფესტივალზე სამი მთავარი პრიზი მოიპოვა.
„გურია“ კოღუაშვილის მეოთხე სრულმეტრაჟიანი ფილმია.
რეჟისორის ხედვა:
„ჩვენი ფილმი არის ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ რთულ პირობებში ცხოვრობენ, მაინც ახერხებენ ადამიანობის შენარჩუნებას. ისინი შორს არიან სრულყოფილებისგან და ხშირად საკმაოდ ცუდადაც იქცევიან. თუმცა, მათ იციან მეგობრობა, თანაგრძნობა. ისინი ტირიან, იცინიან, ყვირიან, ჩხუბობენ, უყვართ და ჩვენს სულ უფრო და უფრო სტერილურ დროში, ეს უკვე ცოტა არ არის.
ისინი ცხოვრობენ გურიაში, დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ კუთხეში - თუმცა ჩვენს ფილმში გურია უფრო მეტია, ვიდრე უბრალო კუთხის სახელი. ეს უფრო შინაგანი მდგომარეობაა.
გურია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი, თუმცა ამავდროულად ყველაზე ნიჭიერი რეგიონია. ქვეყნის სხვა კუთხეებში სიმღერებს სამ ხმაში მღერიან; აქ კი ხუთ და თუ საჭიროა მეტ ხმაში.
სიღარიბე და გაჭირვება რთულია ცხოვრებისთვის, კინოსთვის კი ეს ისტორიების მდიდარი წყაროა… თუმცა უბრალოდ სიღარიბე საკმარისი არ არის. ფილმისთვის კიდევ „რაღაცაა“ საჭირო. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის. ამ “რაღაცას” ბევრი სახელი აქვს: სიმსუბუქე, ლირიზმი, იუმორი, აბსურდი, სევდა. გურიაში ეს ყოველივე ძალიან დოზებით არის. გურია ეს არის გაჭირვებისა და ნიჭიერების, ტკივილისა და თვითირონიის, სევდისა და სიცილის საოცარი ნაზავი. გურია, ჩემთვის ყველაზე საყვარელი ჟანრის - ტრაგიკომედიის, სინონიმია.
მე მინდოდა გადამეღო ფილმი ჩვეულებრივ ადამიანებზე, ყოველგვარი იდეოლოგიური კლიშეებისა თუ პოლიტიკური კონიუნქტურის გარეშე. უბრალოდ ცხოვრება. უბრალოდ კინო. უბრალოდ გურია“.