კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება - მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
თბილისში ახალაშენებულ საცხოვრებელ კომპლექსში 1 600 დევნილ ოჯახს სრულად გარემონტებული ბინები გადაეცა. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი სივრცე 11 კორპუსს, 2 426 სრულად გარემონტებულ ბინასა და კეთილმოწყობილ გარე ინფრასტრუქტურას მოიცავს.
ბინების გადაცემის ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად დაესწრო. მან ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ოჯახებს ახალმოსახლეობა მიულოცა.
„დღეს ჩვენ ვართ მონაწილე იმ დიდი სიხარულის, რომელიც აერთიანებს 1 600 ოჯახს - ოჯახებს, რომლებიც ათეული წელია ელოდებიან ღირსეულ ცხოვრებას საკუთარ ჭერქვეშ. ტკივილსა და საკუთარ კერაზე დაბრუნების მოლოდინს ამ ოჯახებს ცხადია, ვერაფერი დაავიწყებს, მაგრამ სასიხარულოა ის, რომ დღეიდან მათ აქვთ ადგილი, რომელსაც საკუთარი სახლი ჰქვია. სახლი ნიშნავს სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და დაცულობას; ნიშნავს შესაძლებლობას ახალი ცხოვრების დასაწყებად, მშვიდად დაგეგმო შვილების მომავალი და შექმნა შენი ოჯახის ყოველდღიურობა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალმოსახლეობას. დღეს 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება. დაე, თქვენს ახალ სახლებში სულ იყოს კეთილდღეობა და ბედნიერება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მადლობა გადაუხადა მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
„როგორც თბილისის მერი, მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა, სადაც ყველა პირობაა საიმისოდ, რომ ბავშვების ყიჟინით, მათი თამაშით და ახალი სამეზობლოს გაჩენით, გაცოცხლდეს ეს არეალი. 2012 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგად, საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილდა 45 ათასზე მეტი იძულებით გადაადგილებული ოჯახი. დღეს ვხსნით მორიგ, მასშტაბურ საცხოვრებელ კომპლექსს - 2 400-ზე მეტი სრულად მოწესრიგებული, რეაბილიტირებული ბინითა და შესაბამისი ინფრასტრუქტურით. სახელმწიფოს ეს პოლიტიკა გაგრძელდება იქამდე, სანამ თუნდაც ერთი ოჯახი ითხოვს მხარდაჭერას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პრემიერ-მინისტრსა და მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მადლობა გადავუხადო ზრუნვისთვის, რადგან მსგავსი დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი გუნდისთვის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
ამ ეტაპზე, სახელმწიფომ შვიდ ახალ კორპუსში 1 600 დევნილი ოჯახი განასახლა, ხოლო ოთხ კორპუსში ბინები გასულ წელს განაწილდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამშენებლო, სარემონტო და გარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობის სამუშაოების ღირებულებამ 280 მილიონ ლარამდე შეადგინა.
ღონისძიებას თბილისის მერთან ერთად დედაქალაქის ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე და მერის მოადგილეები ესწრებოდნენ.

