თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსი გაიხსნა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში საერთაშორისო კადავერული კურსის გახსნაში მონაწილეობდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის მოადგილესთან ერთად, გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე და თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ირაკლი ნატროშვილი.

კურსს იტალიიდან მოწვეული საერთაშორისო ტრენერები უძღვებიან. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ თანამედროვე მიდგომებს, რომლებიც ევროპულ კლინიკურ პრაქტიკაშია დანერგილი, და პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ რეალურ ანატომიურ მასალაზე.

როგორც ზვიად გაბისონიამ აღნიშნა, საქართველოში ასეთი ფორმატის კურსების ჩატარება მნიშვნელოვანია თანამედროვე სამედიცინო განათლების განვითარებისთვის. მისი თქმით, პრაქტიკულ სწავლებასთან ერთად, საერთაშორისო თანამშრომლობა ხელს შეუწყობს პროფესიული კავშირების გაძლიერებას და სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას.

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრი წარმოადგენს მრავალფუნქციურ საგანმანათლებლო პლატფორმას. თსსუ-ის სტრატეგიული მიზანია, ცენტრი რეგიონში წამყვან საერთაშორისო ჰაბად ჩამოყალიბდეს, სადაც უახლესი ქირურგიული ტექნიკების, ლაპაროსკოპიული ანატომიისა და კლინიკური დისექციის დაუფლება მსოფლიო დონის საერთაშორისო მენტორების ჩართულობით იქნება შესაძლებელი.

ღონისძიების ფარგლებში მოწვეულმა სტუმრებმა თსსუ-ში კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის დეპარტამენტთან არსებული „პროფესორ შალვა თოიძის სახელობის ტოპოგრაფიული ანატომიის მუზეუმი“ დაათვალიერეს და ექსპერიმენტული მორფოლოგიისა და ანატომიური დისექციის უნარ-ჩვევების ცენტრის მუშაობას დეტალურად გაეცნენ.