სანდიპ ნაილვალი: არ გამიკვირდება, თუ ხუთი წლის შემდეგ საქართველო ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდება

სანდიპ ნაილვალი: არ გამიკვირდება, თუ ხუთი წლის შემდეგ საქართველო ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდება

Polygon-ის დამფუძნებლისა და Polygon Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორის, სანდიპ ნაილვალის განცხადებით, საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი, ციფრული აქტივების მიმართულებით რეგიონის ერთ-ერთ წამყვან ფინანსურ ცენტრად ჩამოყალიბდეს და გლობალურ ფინანსურ სისტემაში საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გააძლიეროს.

მისი შეფასებით, „თბილისის ფინანსური სამიტი“, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ მონაწილეებსა და მაღალი დონის რეგულატორებს აერთიანებს, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში საკუთარი როლის გასაძლიერებლად.

„საქართველოს რეგულატორები ძალიან პროგრესულად აზროვნებენ და ციფრული აქტივების მიმართულებას სიღრმისეულად უდგებიან. ეს არ არის მხოლოდ ციფრული აქტივების ფორმალური დაშვება — საუბარია ციფრული ეკონომიკის რეალურ ათვისებასა და ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებაში მათ ინტეგრაციაზე“, - განაცხადა სანდიპ ნაილვალმა.

მისი თქმით, საქართველოს ამ მიმართულებით განვითარებისათვის ყველა მნიშვნელოვანი წინაპირობა აქვს, მათ შორის — სათანადო ინფრასტრუქტურა, ნიჭიერი კადრები, მეწარმეობის პოტენციალი და ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა, რაც ქვეყანას მნიშვნელოვან საერთაშორისო დერეფანში აქცევს.

Polygon-ის დამფუძნებლის შეფასებით, ციფრული აქტივების ფინანსური ინფრასტრუქტურის ბირთვში ინტეგრაცია საქართველოს შესაძლებლობას მისცემს, რეგიონში ციფრული ფინანსების ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდეს. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეროვნული ბანკის, სხვა რეგულატორებისა და ადგილობრივი მეწარმეების პროგრესულ ხედვებზე და აღნიშნა, რომ მათთან შეხვედრებმა მასზე დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა.

„არ გამიკვირდება, თუ ხუთი წლის შემდეგ საქართველო ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრი გახდება“, - აღნიშნა სანდიპ ნაილვალმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ „თბილისის ფინანსური სამიტი“ მომავალ წლებში კიდევ უფრო გაფართოვდება და საერთაშორისო ფინანსურ სივრცეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებად ჩამოყალიბდება.

Polygon არის ბლოკჩეინტექნოლოგიებზე დაფუძნებული პლატფორმა. მისი მთავარი მიზანია ბლოკჩეინქსელების მასშტაბურობის გაუმჯობესება და ციფრული ტრანზაქციების უფრო სწრაფად და დაბალი დანახარჯით განხორციელების ხელშეწყობა. კომპანია მუშაობს ტექნოლოგიებზე, რომლებიც ხელს უწყობს სტაბილკოინების გამოყენებას, აქტივების ბლოკჩეინზე გადატანასა და ფინანსური ოპერაციების განხორციელებას გლობალურ მასშტაბზე.