სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის ჩხუბი მოხდა

სომხეთის პარლამენტში მმართველი პარტიის დეპუტატებსა და ოპოზიციას შორის ჩხუბი მოხდა

სომხეთის ეროვნული კრების პლენარულ სხდომაზე ჩხუბი მოხდა. ერთმანეთს მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ.

ფიზიკური დაპირისპირება მმართველი პარტიის „სამოქალაქო შეთანხმების“ დეპუტატის ტარონ ჩახოიანის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

გამოსვლის დროს ჩახოიანმა მწვავედ გააკრიტიკა ოპოზიციის წარმომადგენელი ნარეკ კარაპეტიანი და ბიძამისი სამველ კარაპეტიანი, რომელიც ოპოზიციიდან სომხეთის პრემიერობის კანდიდატი იყო.

კარაპეტიანი ადგილიდან წამოდგა და ტრიბუნასთან მივიდა, სადაც ჩახოიანი იდგა. ამის შემდეგ დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება, რომელშიც სხვა დეპუტატებიც მონაწილეობდნენ.

პარლამენტის თავმჯდომარემ რუბენ რუბინიანმა შესვენება გამოაცხადა. დაპირისპირება პარლამენტის შენობის დერეფნებშიც გაგრძელდა.