„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართული ფინტექ ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართული ფინტექ ჰაკათონის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ეროვნული ბანკისა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოსა (GITA) ერთობლივ საერთაშორისო Fintech ჰაკათონში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, „თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართულ დემო დღეზე ფინალისტმა გუნდებმა ფინანსურ სექტორში არსებული გამოწვევების ტექნოლოგიური გადაწყვეტები წარადგინეს, რის შემდეგაც ჟიურიმ გამარჯვებული გუნდები გამოავლინა.

მიმართულებაში - „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფინანსურ სექტორში“ გუნდმა Goni-იმ გაიმარჯვა. გუნდის წევრებმა მოიპოვეს GITA-ს 20 000-ლარიანი პრიზი შექმნილი პროტოტიპის შემდგომი განვითარებისთვის. გარდა ამისა, Tether-ისა და Pave Bank-ის მხარდაჭერით, Goni გაემგზავრება დუბაიში და დაესწრება გლობალურ ტექნოლოგიურ გამოფენას GITEX Global 2026.

გუნდი Faeda AI საუკეთესოდ დასახელდა მიმართულებაში „ღია ბანკინგის API-ების დიაგნოსტიკა და ბენჩმარკინგი“. გუნდის წევრებმა, მოიპოვეს საგზური აზიის წამყვან ფინტექ ღონისძიებაზე Singapore FinTech Festival 2026-ზე დასასწრებად, სადაც საკუთარ პროექტს საერთაშორისო ასპარეზზე წარადგენენ.

ფინტექ ჰაკათონი ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის მიმართულებებს აერთიანებდა. მონაწილეები მუშაობდნენ ფინანსური სექტორისთვის აქტუალური საკითხების გადაჭრაზე, მათ შორის API-ების დიაგნოსტიკისა და ბენჩმარკინგის, საკრედიტო რისკების შეფასების, თაღლითობის გამოვლენისა და საოპერაციო პროცესების გაუმჯობესების მიმართულებით.

ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ინოვაციის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ახალი იდეების გამოცდასა და რეალური პრობლემების ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემუშავებას უწყობს ხელს.

„ინოვაცია აზრს იძენს მაშინ, როდესაც ის სცდება იდეის ფარგლებს და იწყებს რეალური პრობლემის გადაჭრას. ღია ბანკინგი და ხელოვნური ინტელექტი ფინანსური მომსახურების ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი მიმართულებებია. ღია ბანკინგი, მომხმარებლის თანხმობით ფინანსურ მონაცემებზე უსაფრთხო წვდომის შესაძლებლობით, ქმნის საფუძველს კონკურენციის გაძლიერებისთვის, ინოვაციური პროდუქტების განვითარებისა და მომხმარებლებისთვის უკეთესი მომსახურების შეთავაზებისთვის. ხელოვნური ინტელექტი კი ფინანსურ ინსტიტუტებს ინფორმაციის უფრო ეფექტიანად დამუშავებაში, რისკების შეფასებასა და თაღლითობის გამოვლენაში ეხმარება. ამასთან, ტექნოლოგიური პროგრესი პასუხისმგებლიან მიდგომას, უსაფრთხოებასა და გამჭვირვალობას უნდა ეფუძნებოდეს“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ფინანსურ სექტორში ინოვაციების განვითარების პროცესში მარეგულირებლის როლზეც. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, მარეგულირებელი მხოლოდ ტექნოლოგიური ცვლილებების დამკვირვებელი არ იყოს და თავადაც ავითარებდეს შესაბამის ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას.

„თბილისის ფინანსური სამიტის“ ფარგლებში გამართული ფინტექ ჰაკათონი, მიზნად ისახავდა ფინანსურ ტექნოლოგიებში ინოვაციური და მასშტაბირებადი პროდუქტების შექმნის ხელშეწყობას, ადგილობრივი და საერთაშორისო ტექნოლოგიური ტალანტების გაძლიერებასა და ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტისა და ღია ბანკინგის განვითარებას.