საქართველოს თავდაცვის მინისტრი გერმანიის ელჩს შეხვდა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ახალ ელჩთან ბარბარა ფოსთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრმა დიპლომატს წარმატებები უსურვა და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება. მან გერმანულ მხარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებასა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელების პროცესში.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზეც გაამახვილეს ყურადღება.
შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე პაატა პატიაშვილი და გერმანიის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან ჰოფმაისტერი დაესწრნენ.



