კახა ბერაძემ VIII მოწვევის საკრებულოში საქმიანობის შესახებ ანგარიში წარმოადგინა
დედაქალაქის VIII მოწვევის საკრებულოში საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელიც 2025 წლის 2 ნოემბრიდან 2026 წლის 1 ნოემბრამდე პერიოდს მოიცავს, საკრებულოს წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ კახა ბერაძემ წარმოადგინა.
კახა ბერაძე ასევე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიისა და სარევიზიო კომისიების წევრია.
როგორც მომხსენებელმა განაცხადა, საანგარიშო პერიოდში თბილისის საკრებულოს საქმიანობა დედაქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღებას გულისხმობს.
მათ შორის უნდა აღინიშნოს დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის, ბიუჯეტის მიღების პროცესი - ბიუჯეტის პროექტის განხილვა, პრიორიტეტების განსაზღვრა, ცვლილებებისა და რეკომენდაციების შემუშავება და დამტკიცება.
საანგარიშო პერიოდში სულ მოწვეულ იქნა 18 სხდომა, რომლებზეც მიიღეს 713 განკარგულება და 99 დადგენილება.
მომხსენებელმა დღესვე ფრაქციის სხდომების თაობაზე ილაპარაკა და აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 23 სხდომა, რომლებზეც 43 საკითხი განიხილეს. მათ შორის ისეთი მნიშვნელობის საკითხები, როგორებიცაა დედაქალაქის 2026 წლის ბიუჯეტის პროექტი, ასევე სატრანსპორტო, ინფრასტრუქტურული, ურბანული თუ გარემოსდაცვითი პოლიტიკის საკითხები.
ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის წევრი კახა ბერაძე ასევე მონაწილეობდა დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.
მისი თქმით, კომისიის საქმიანობის სფეროები მოიცავს თბილისის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას, ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობასა და ქალაქის განვითარების შესაძლებლობებთან დაკავშირებული ინიციატივების განხილვას.
რაც შეეხება სარევიზიო კომისიას, კომისიის საქმიანობა დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესაბამისი საკითხების შესწავლასთან, საბიუჯეტო სახსრების გამოყენებისა და ფინანსური პროცესების განხილვასთან, ასევე მუნიციპალური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საკითხების შეფასებასთან, კანონმდებლობითა და კომისიის უფლებამოსილებით განსაზღვრულ ფარგლებში.
კახა ბერაძემ საანგარიშო პერიოდში გაწეული საქმიანობის პრიორიტეტებზეც ილაპარაკა და განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო საკრებულოს, ფრაქციისა და კომისიების მუშაობაში აქტიური მონაწილეობა, დაკისრებული მოვალეობების პასუხისმგებლობით შესრულება და დედაქალაქის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა.



