დავით ჩიხელიძე: დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს

დავით ჩიხელიძე: დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა - დროა, რომ ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს

ექსპერტი დავით ჩიხელიძე საფრანგეთში აქციის მონაწილეების მიერ პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილების“ სროლის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი თქმით, საფრანგეთის პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველოში მსგავსი ქმედებების დროს დასავლეთი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა და ხელისუფლებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა.

ჩიხელიძის შეფასებით, ეს დასავლეთის ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს, ძალადობის გამართლება და წახალისება დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, რომელ ქვეყანაში ხდება იგი.

„საფრანგეთის პროკურატურამ აქციის მონაწილეთა მხრიდან მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

გავიხსენოთ, რა ხდებოდა საქართველოში, როდესაც აქციის მონაწილეები პოლიციელებს მოლოტოვის კოქტეილებს ესროდნენ, დასავლეთი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვდა, მათ უფლებებს იცავდა და ხელისუფლებას დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა, საფრანგეთში კი იმავე ქმედებას მკვლელობის მცდელობად აფასებენ და შესაბამისი მუხლით გამოძიებას იწყებენ.

შერჩევითი დემოკრატია და კანონის უზენაესობა არ არსებობს! გამოხატვის თავისუფლება ყველგან დაცული უნდა იყოს, მაგრამ ძალადობა არა! ძალადობის გამართლება და წახალისება დაუშვებელია, მიუხედავად მისი ადგილმდებარეობისა, არ აქვს მნიშვნელობა, ძალადობა საქართველოში ხდება, საფრანგეთში თუ გერმანიაში.

დასავლეთს უკან დაუბრუნდა ყველაფერი ის, რასაც საქართველოს მიმართ ასე გულუხვად იმეტებდა. დღეს თავად შეეჩეხნენ იმ საფრთხეს, რომლის შესახებ საქართველოში ვლაპარაკობდით და რომლის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება უსამართლო, გაუგებარი და ალოგიკური იყო.

არეულობა, რა თქმა უნდა, არ მახარებს არც საფრანგეთში და არც სხვა ქვეყანაში, მაგრამ კარგია, რომ დასავლეთი ახლა თავად აღმოჩნდა იმ რეალობის წინაშე, რომლის დანახვაც საქართველოს შემთხვევაში არ სურდა. იმედი მაქვს, რომ ეს მოვლენები მათ წარსულში გაკთებული განცხადებების გადაფასების აუცილებლობას დაანახვებს და აღიარებენ, რომ საქართველოსთან მიმართებით მცდარი პოზიცია ჰქონდათ. დროა, რომ დასავლეთმა ორმაგი სტანდარტით მოქმედება შეწყვიტოს და საქართველოს ბოდიში მოუხადოს!“ - წერს ჩიხელიძე.