ლევან მახაშვილი საფრანგეთის მოვლენებზე: დღეს საქართველოს სიმართლე ისეთი აშკარაა, როგორ არასდროს. გამოჩნდა, რომ დიახაც, თურმე პოლიციელს, რომ ესვრი „მოლოტოვის კოქტეილს“, ეს ნამდვილად არის დანაშაული. საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გმირად გამოაცხადეს. შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა ის შეიწყალა, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი. გადის დრო, იგივე ხდება ევროპის სახელმწიფოებში და ყველაფერს ერქმევა თავის სახელი
ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებს ეხმაურება.
ლევან მახაშვილი ევრობიუროკრატთა ორმაგ სტანდარტებზე საუბრობს.
მან გაიხსენა ე.წ მოლოტოვის კოქტეილის მსროლელთა გაგმირების კამპანიასა და რადიკალიზმის წახალისების მცდელობები.
„დღეს უკვე ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და საქართველოს სიმართლე ისეთი აშკარაა, როგორ არასდროს. დღეს გამოჩნდა, რომ დიახაც, თურმე პოლიციელს, რომ ესვრი „მოლოტოვის კოქტეილს“, ეს ნამდვილად არის დანაშაული, თან ძალიან მძიმე დანაშაული. თუმცა ჩვენ ვისმენდით იმ შეფასებებს, არა მხოლოდ ვისმენდით, საქართველოში „მოლოტოვის კოქტეილის“ მსროლელი გმირად გამოაცხადეს. შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა ის შეიწყალა, როგორც თავისუფლებისთვის მებრძოლი. გადის დრო, იგივე ხდება ევროპის სახელმწიფოებში და ყველაფერს ერქმევა თავის სახელი. კარგია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობამ დაინახა, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში საქართველო იყო მართალი. საქართველოზე შანტაჟი, გაუგებარი შეფასებები - ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლა საქართველოზე ორკესტრირებული ევრობიუროკრატების მხრიდან“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.
საფრანგეთში, აქციაზე სამართალდამცველების წინააღმდეგ ე.წ მოლოტოვის კოქტეილის სროლის ფაქტზე, გამოძიება მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. საუბარია 15 ფაქტზე და თითოეულზე მიმდინარეობს გამოძიება საჯარო პირის მკვლელობის მცდელობის მუხლით. პოლიციამ გაავრცელა ვიდეომასალა. საფრანგეთის ხელისუფლებაც და ოპოზიციაც მოლოტოვის კოქტეილის მსროლელის მიმართ უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.



