პროექტ „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედროები მოსწავლეებს შეხვდნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროექტი - „ჩვენი ჯარი“ გრძელდება.
ამჯერად, თავდაცვის ძალების მეორე ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები, ასევე, გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს სამეგრელო ზემო სვანეთისა და გურიის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლები ქალაქ ზუგდიდის N4 საჯარო სკოლას ესტუმრნენ. სამხედროებმა უფროსკლასელებს წარუდგინეს პრეზენტაცია საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაზე, სტრუქტურაზე, მიზნებზე, სამხედრო წოდებებსა და სამხედრო კარიერულ განვითარებაზე. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მოსწავლეებს ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სასწავლო პროგრამები, ჩარიცხვის პირობები და სამხედრო კარიერული განვითარების შესაძლებლობები გააცნეს. მათ მოზარდებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისა და ტერიტორიული რეზერვის შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია.
ზუგდიდის სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრას დაესწრო მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი ირაკლი კალანდაძე, რომელმაც მოზარდებს სიტყვით მიმართა. მან აღნიშნა, რომ მსგავსი პროექტები ქართული ჯარს კიდევ უფრო პოპულარულს ხდის და ახალგაზრდების მხრიდან სამხედრო საქმის მიმართ დაინტერესება მზარდია. მოსწავლეებს სიტყვით, ასევე მიმართეს სკოლის დირექტორმა და ადგილობრივი რესურსცენტრის უფროსმა.
პროექტი - „ჩვენი ჯარი“ რამდენიმე წელია თავდაცვის სამინისტროსა და განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობით წარმატებით ხორციელდება და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.



