შალვა პაპუაშვილი: პრემიერთან ინტერვიუს წამყვანი იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა, თუ რა ხდება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში - საქართველო ევროკავშირს დიალოგისკენ მოუწოდებს, ევროკავშირი კი ბრალდებებით საუბრობს
„ევრონიუსზე“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერვიუზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ინტერვიუს წამყვანი საუკეთესოდ წარმოაჩენდა, თუ რა ხდება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში.
მისი თქმით, წამყვანი საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად ბრალდებებზე გადადიოდა, რათა საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ მართალია.
„ძალიან საინტერესო იყო წამყვანის ნახვა, რომელმაც, ჩემი აზრით, ამ ინტერვიუს დროს საუკეთესოდ წარმოაჩინა, თუ სად არის პრობლემა. თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც სულ დიალოგზე საუბრობდა და ჩვენი პოზიციის ახსნას ცდილობდა. ნახეთ წამყვანი, რომელიც საკუთარი თავის გარდა არავის უსმენდა და ნებისმიერი საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად ბრალდებებზე გადადიოდა, რათა საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ მართალი იყო.
ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა, თუ რა ხდება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში: საქართველო, რომელიც მშვიდად, საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირს დიალოგისკენ მოუწოდებს და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ამ წამყვანის სახით წარმოდგენილი, რომელიც ბრალდებებით საუბრობს, დიალოგზე უარს ამბობს და საკუთარი თავის გარდა არავის უსმენს“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.



