ნიკოლოზ სამხარაძე: ანგარიშზე მუშაობის პერიოდში ევროკომისიას კონტაქტი და ურთიერთობა არ ჰქონია საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არც სამინისტროებთან და არც იმ სტრუქტურებთან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმ რეფორმების გატარებაზე, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს
ანგარიშზე მუშაობის პერიოდში ევროკომისიას არანაირი კონტაქტი და ურთიერთობა არ ჰქონია საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან, არც სამინისტროებთან და არც იმ სტრუქტურებთან, რომლებიც პასუხისმგებელი არიან იმ რეფორმების გატარებაზე, რომელიც ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს, - ასე გამოეხმაურა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ევროკომისიის მიერ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიშს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ არაერთხელ მოითხოვა კონკრეტული ადამიანების სია, ვის მიიჩნევენ „თვითნებურად დაკავებულებად“, რადგან ანგარიშში წერია აქტივისტები, ჟურნალისტები და სანამ სია არ ექნებათ, პრეტენზიას ვერ მიიღებენ.
„80-იანი წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ევროკავშირში გაფართოების პროცესი მიმდინარეობს, ევროკავშირი და ევროკომისია გაფართოების ანგარიშს შეიმუშავებენ ხოლმე იმ ქვეყნის უწყებებთან ერთად, რომლებიც გაფართოების კანდიდატები არიან. ეს საკმაოდ მძიმე მოცემულობაა და არა საქართველოსთვის, არამედ ევროკავშირისთვის.
რაც შეეხება კითხვას პატიმრებთან დაკავშირებით, ვფიქრობ, ევროკავშირის ის წარმომადგენლები, რომლებმაც ანგარიში დაწერეს, საერთოდ არ ეცნობიან იმ ახალ ამბებს, რომელიც საქართველოსგან ბრიუსელში მიდის. ბოლო ინფორმაციით, რაც მაქვს, 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული ადამიანების 80%-ზე მეტმა ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ. ეს ადამიანები ბრალს თუ აღიარებენ, მაშინ ისინი დამნაშავეები იყვნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ვერანაირად იქნებოდნენ „თვითნებურად დაკავებულები“. ეს ტერმინი ცოტა უცნაურია, რასაც ევროკომისია იყენებს.
არაერთხელ მოვითხოვეთ კონკრეტული ადამიანების სია, ვის მიიჩნევენ „თვითნებურად დაკავებულებად“, რადგან იქ წერია აქტივისტები, ჟურნალისტები. გვაინტერესებს, ვინ არიან ეს აქტივისტები, ჟურნალისტები, ვინც „თვითნებურად“ არიან დაკავებული. ვიდრე ამ სიას არ გადმოგვცემენ და არ დაასაბუთებენ, რატომ არიან ისინი „თვითნებურად“ დაკავებული და რომელი მუხლი არ მიესადაგება“, პრეტენზიებს ვერ მივიღებთ“, - აღნიშნა სამხარაძემ.



