ბიძინა გიორგობიანი: თუ წარსულში საქართველოს მთავარი ისტორიული ამოცანა იყო, გადარჩენილიყო იმპერიათა დაპირისპირების პირობებში, მომავალში ჩვენი ამოცანაა ისეთი სახელმწიფოს შექმნა, რომლის დამოუკიდებლობა თავად იქცევა დაპირისპირებულ ინტერესებს შორის თანამშრომლობის წინაპირობად
მრავალი მაგალითი გვიჩვენებს, რომ დღეისათვის მცირე ქვეყნები უპირატესობას ანიჭებენ პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას რამდენიმე ურთიერთკონკურენტ ჰეგემონთან, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ერთ მათგანთან იყვნენ დაკავშირებულნი სამხედრო ან ვასალური ეკონომიკური ალიანსით, - განაცხადა პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა ნეიტრალიტეტის საერთაშორისო ფორუმზე.
გიორგობიანის თქმით, თუ წარსულში საქართველოს მთავარი ისტორიული ამოცანა იყო, გადარჩენილიყო იმპერიათა დაპირისპირების პირობებში, მომავალში მათი ამოცანაა ისეთი სახელმწიფოს შექმნა, რომლის დამოუკიდებლობა თავად იქცევა დაპირისპირებულ ინტერესებს შორის თანამშრომლობის წინაპირობად.
„საქართველოს ისტორია უმეტესად ისტორიაა იმ ქვეყნისა, რომელსაც თავისი გეოგრაფიული მდებარეობის გამო ისტორიულად, დამოუკიდებლობისა და იდენტობის შესანარჩუნებლად უწევდა ბრძოლა.
ჩვენ ხშირად ვყოფილვართ იმპერიათა დაპირისპირების, ადგილი და ზოგჯერ — მათი პოლიტიკური ნების განხორციელების ინსტრუმენტიც.
ისტორიულმა გამოცდილებამ გვასწავლა, როგორ დავიცვათ ქვეყანა მაშინ, როდესაც ჩვენს გარშემო დიდი სახელმწიფოების ინტერესები ერთმანეთს უპირისპირდება. მაგრამ გაცილებით ნაკლებად გვიფიქრია იმაზე, როგორ შეიძლება თავად საქართველო იქცეს ამ ინტერესების მშვიდობიანი თანაარსებობისა და თანამშრომლობის სივრცედ.
ჩვენი აზრით სწორედ აქ ჩნდება საქართველოს პოლიტიკური მომავლის, განსხვავებული გააზრების შესაძლებლობა.
შესაძლებელია თუ არა, რომ ქვეყანა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ხშირად იყო იმპერიათა დაპირისპირების ასპარეზი, მომავალში იქცეს მათ შორის თანამშრომლობის, ურთიერთსარგებლიანობისა და კონსენსუსის სივრცედ?
მცირე შესაძლებლობების ქვეყნები, როგორიც საქართველოა, ხშირად მანევრირებენ საკუთარი ეროვნული ინტერესების დასაცავად. ასეთი ქვეყნები ცდილობენ იპოვონ საკუთარი ადგილი იქ სადაც იდენტობას და სახელმწიფოს შეინარჩუნებენ. მათ არ სჭირდებათ მეტროპოლიებიდან ინსტრუქციები საკუთარი ინტერესების დასაზუსტებლად და საკუთარი ინტერესების განსაზღვრის, ან რისკების შესაფასებლად. მათ საკმარისზე მეტი პრაგმატიზმი და რეალობის მძაფრი განცდა გააჩნიათ.
მრავალი მაგალითი გვიჩვენებს, რომ დღეისათვის მცირე ქვეყნები უპირატესობას ანიჭებენ პრაგმატული ურთიერთობების დამყარებას რამდენიმე ურთიერთკონკურენტ ჰეგემონთან, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ ერთ მათგანთან იყვნენ დაკავშირებულნი სამხედრო ან ვასალური ეკონომიკური ალიანსით.
ჩემი აზრით, სწორედ ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს საქართველოს ნეიტრალიტეტის ახალი სახელმწიფოებრივი კონცეფცია.
ნეიტრალიტეტი არ უნდა გავიგოთ მხოლოდ როგორც სამხედრო ბლოკებიდან დისტანცირება ან დროებითი მანევრი. ასეთი გაგება არასრულია, რადგან იგი მხოლოდ იმას განსაზღვრავს, თუ რაში არ მონაწილეობს სახელმწიფო.
გაცილებით მნიშვნელოვანია მეორე კითხვა - რას ქმნის სახელმწიფო საკუთარი დამოუკიდებლობით? რა სარგებლობა მოაქვს მის არსებობას საკუთარი მოქალაქეების, მეზობლებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის? რატომ უნდა იყვნენ ისინი დაინტერესებული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებით?
სწორედ აქ შეიძლება შეიცვალოს ჩვენი სახელმწიფოებრივი აზროვნების ლოგიკა.
თუ საქართველო მხოლოდ დაპირისპირებულ ძალებს შორის არსებულ ბუფერულ სივრცედ დარჩება, მისი მნიშვნელობა კვლავ სხვათა ინტერესებით განისაზღვრება.
მაგრამ თუ საქართველო შეძლებს, გახდეს ამ ძალებს შორის ეკონომიკური, სატრანსპორტო, ენერგეტიკული და დიპლომატიური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი მონაწილე, იგი შეიძენს განსხვავებულ სახელმწიფოებრივ ფუნქციას.
ჩვენი ამოცანა უნდა იყოს არა მხოლოდ ის, რომ საქართველო არ იქცეს სხვათა დაპირისპირების იარაღად, არამედ ისიც, რომ მისი დამოუკიდებელი არსებობა სხვადასხვა სახელმწიფოს თანამშრომლობის საერთო ინტერესად იქცეს.
საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლევა. შავი ზღვა, სამხრეთ კავკასია, კასპიის რეგიონი, ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთთან დაკავშირებული სივრცეებია.
მაგრამ მხოლოდ სატრანზიტო დერეფნად ყოფნა საკმარისი არ არის. საქართველო უნდა ცდილობდეს, გახდეს ამ ურთიერთობების აქტიური მონაწილე და ინიციატორი.
აქ მივდივართ ჩვენი ისტორიული გამოცდილების ახლებური გააზრების აუცილებლობამდე.
საუკუნეების განმავლობაში მამულის დაცვა ჩვენთვის უმთავრესად ნიშნავდა უცხო ძალებისგან საკუთარი მიწის, ენის, სარწმუნოების, კულტურისა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას.
დღეს ამ ისტორიულ ამოცანას შეიძლება ახალი შინაარსიც შევძინოთ.
ქვეყნის დაცვა მხოლოდ წარსულის შენარჩუნება არ არის. იგი მომავალი თაობებისთვის ისეთი სახელმწიფოს შექმნასაც ნიშნავს, რომელსაც საკუთარი ინტერესების დამოუკიდებლად განსაზღვრა და განხორციელება შეუძლია.
ამიტომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, თუ რომელ საერთაშორისო პოლიტიკურ სივრცესთან თანამშრომლობს, არამედ ისიც, თუ რა დანიშნულება აქვს თავად საქართველოს თანამედროვე სამყაროში.
ეს ორი საკითხი ერთმანეთს არ გამორიცხავს, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავდება.
პირველი განსაზღვრავს ჩვენს საგარეო პოლიტიკურ ურთიერთობებს. მეორე კი — ჩვენი სახელმწიფოებრივი არსებობის უფრო ფართო აზრსა და მიზანს.
სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ საქართველოს ნეიტრალიტეტის საკითხი მხოლოდ საგარეო პოლიტიკური არჩევანის პრობლემამდე არ უნდა დავიყვანოთ.
იგი შეიძლება იქცეს ჩვენი წარსულისა და მომავლის ახლებურად გააზრების შესაძლებლობად.
თუ წარსულში საქართველოს მთავარი ისტორიული ამოცანა იყო, გადარჩენილიყო იმპერიათა დაპირისპირების პირობებში, მომავალში ჩვენი ამოცანაა ისეთი სახელმწიფოს შექმნა, რომლის დამოუკიდებლობა თავად იქცევა დაპირისპირებულ ინტერესებს შორის თანამშრომლობის წინაპირობად.
ეს არის განსხვავება საქართველოს, როგორც სხვათა დაპირისპირების ობიექტსა და საქართველოს, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის დამოუკიდებელ სუბიექტს შორის.
და სწორედ ამ განსხვავებაში შეიძლება დავინახოთ საქართველოს მომავალი განვითარების ახალი კონცეფციის საფუძველი“, - აღნიშნა მან.
„საქართველო - მშვიდობისა და თანამშრომლობის პლატფორმა“ - პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველოსა და ნეიტრალიტეტის კვლევების ორგანიზებით, ნეიტრალიტეტის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს.



