„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წინანაურის ქუჩაზე წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელებს სრულად აახლებს. ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში შეიცვლება 3 კმ-მდე სიგრძის წყალმომარაგებისა და წყალარინების მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები. ასევე, მოეწყობა სახანძრო ჰიდრანტები, დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და განახლდება შესაბამისი საკვანძო ინფრასტრუქტურა.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს ადგილზე გაეცნენ კრწანისის რაიონის გამგებელი ლაშა ცაგურია და ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი გიგა ნადირაძე.
„კრწანისის რაიონში, წინანაურის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურას სრულად განაახლებს. პროექტი ითვალისწინებს როგორც წყალმომარაგების, ისე წყალარინების მილსადენების სრულად შეცვლას. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და მათი დასრულება იანვარში იგეგმება. პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს“, - გიგა ნადირაძე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტექნიკური და საოპერაციო მიმართულების დირექტორი.
„წინანაურის ქუჩაზე მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები კრწანისის რაიონის გამგეობასთან კოორდინაციით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც სრულად შეიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოვაწყობთ ახალ სანიაღვრე სისტემას და გრუნტის დამჭერ კედლებს, დამონტაჟდება სრულად ახალი განათებები, სამუშაოების დასრულების შემდეგ, მთელ ქუჩაზე სრულად დაიგება ასფალტის საფარი. კრწანისის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, აღნიშნული მიმართულებით გამოყოფილია 2 მლნ ლარი“ - ლაშა ცაგურია, კრწანისის რაიონის გამგებელი.
წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის განახლება და განვითარება ჯივიპის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ყოველწლიურად, გეგმის მიხედვით, აქტიურ რეჟიმში განახორციელებს.



