პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ვალუტის შეძენის, შენახვის და გასაღების ფაქტებზე საქართველოს სამ მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოს სამმა

მოქალაქემ ჯგუფურად შეიძინა და გასაღების მიზნით ინახავდა დიდი ოდენობით - 20 000 აშშ დოლარის ნომინალური ღირებულების ყალბ კუპიურებს, რომლებიც მიმდინარე წლის 4 ნოემბერს 10 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გაასაღეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები იმავე დღეს დააკავეს. გატარებული ღონისძიებების შედეგად ამოღებულია 20 000 აშშ დოლარის ყალბი კუპიურები.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ყალბი ფულის შეძენა, შენახვა გასაღების მიზნით და გასაღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.