პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? იმაზე, რომ 2022 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით მივიდა და ამბობდა, სააკაშვილი კვდებაო? გავიდა ოთხი წელი, ადამიანს შვილი ეყოლა და პოლიტიკურ პროცესებს ლამის ციხიდან მართავს
რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? იმაზე, რომ 2022 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით მივიდა და ამბობდა, სააკაშვილი კვდებაო? გავიდა ოთხი წელი, ადამიანს შვილი ეყოლა და პოლიტიკურ პროცესებს ლამის ციხიდან მართავს,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებაზე.
პაპუაშვილმა ჰერჩინსკის მოუწოდა, რომ აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება.
„გუშინ ჩვენ ვიხილეთ ბატონი ჰერჩინსკის ბრიფინგი, სადაც რეკომენდაციებზე საუბრობდა. პირველი რეკომენდაცია, რომელიც მე მინდა მას მივცე, არის ის, რომ ტონს დაუწიოს. აგრესიით, აგრესიული, პრეტენზიული და დამრიგებლური ტონით საქართველოს ხელისუფლებას აქ აკრედიტებული დიპლომატი არ უნდა ელაპარაკებოდეს. ეს იქნებოდა ჩემი რეკომენდაცია — ტონს დაუწიოს.
ვნახეთ ჩვენ გუშინ გაბრაზებული, პრეტენზიული საუბარი. საერთოდ, რა წესია, როცა სტუმარი მასპინძელს ამ ტონით ელაპარაკება? ვერ მიხვდა, ალბათ, ქართული კულტურა რას ნიშნავს. ამ ტონით სტუმარი მასპინძელს არ ელაპარაკება.
ამ ტონის ნაწილი იყო ისიც, რომ გუშინ თქვა: რაზე უნდა გვქონდეს დიალოგიო — გლობალური ომის პარტიაზე და „დიფ სთეიტზეო“?! სერიოზულად გულისხმობთ ამასო? აბა, რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი? მისმა ხელმძღვანელმა, მარტა კოსმა, რომ თქვა, საქართველოში რუსეთმა გაიმარჯვაო, სერიოზულად ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი — აქ რუსეთმა გაიმარჯვა თუ არა? ეს არის? ამაზე უნდა დიალოგი? თუ იმაზე, რომ მან თქვა, საქართველო თავის ბნელ წარსულს უბრუნდებაო? სერიოზულად?! ამაზე უნდა საუბარი?
რაზე უნდა გვქონდეს დიალოგი — იმაზე, რომ 2022 წელს იუსტიციის მინისტრთან ყალბი დემარშით მივიდა და ამბობდა, სააკაშვილი კვდებაო? ამაზე უნდა გვქონდეს დიალოგი — კვდებოდა თუ არა? გავიდა ოთხი წელი, ადამიანს შვილი ეყოლა და პოლიტიკურ პროცესებს ლამის ციხიდან მართავს.
ასე რომ, მე ვურჩევდი ელჩს, ეს აგდებული ტონი საელჩოში დატოვოს და ქართველ ხალხსა და მის ხელისუფლებას ისე ესაუბროს, როგორც დიპლომატს ეკადრება“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.



