თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა „ფერმერის დღე 2026“-ს უმასპინძლა

თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა „ფერმერის დღე 2026“-ს უმასპინძლა

„ფერმერის დღე 2026“, რომელსაც თბილისის ეთნოგრაფიულმა მუზეუმმა უმასპინძლა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა გახსნეს.

ღონისძიება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა და მიზნად ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების საქმიანობის წარმოჩენას, მათი მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმას და სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარების ხელშეწყობას ისახავდა.

„საქართველოს აგროსექტორი სტაბილურად ვითარდება და ეს დინამიკა ჩვენი ფერმერებისა და აგრობიზნესის წარმომადგენლების შრომასთან და სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერასთან არის დაკავშირებული. დღეს, საქართველოს ათ უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის ნახევარი აგროსასურსათო პროდუქტია. სახელმწიფო მხარდამჭერი პროგრამების დაწყებიდან დღემდე, აგრობიზნესის პროდუქციის გამოშვება ყოველწლიურად, საშუალოდ, რვა პროცენტით იზრდება. გასულ წელს საქართველოდან მსოფლიოს 110 ქვეყანაში რეკორდული 1.8 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია გავიდა. ჩვენი მიზანია, სრულად ავითვისოთ საქართველოს აგროსექტორის პოტენციალი, გავაძლიეროთ მისი კონკურენტუნარიანობა და ხელი შევუწყოთ ქართული პროდუქციის პოზიციების განმტკიცებას გლობალურ ბაზრებზე“, – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

„ფერმერის დღე 2026“-ის ფარგლებში, ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული აგროსექტორის მრავალფეროვან პროდუქტებს. სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში ფერმერებმა და აგრობიზნესის წარმომადგენლებმა საკუთარი წარმოება წარმოადგინეს და სტუმრებს ადგილობრივი აგროსასურსათო პროდუქციის მრავალფეროვნება გააცნეს. სტუმრებს ასევე შეეძლოთ, სამინისტროს უწყებების წარმომადგენლებისგან მიეღოთ ინფორმაცია ფერმერებისა და აგრობიზნესისთვის ხელმისაწვდომი აგროსერვისებისა და მხარდაჭერის მექანიზმების შესახებ.

„ფერმერის დღის“ პროგრამა სხვადასხვა საინტერესო აქტივობას აერთიანებს. პროფესიონალი შეფების მონაწილეობით ტარდება კულინარიული მასტერკლასები, ხოლო ბავშვებისთვის სპეციალურად მოწყობილ სივრცეში შემეცნებითი და გასართობი აქტივობები მიმდინარეობს.

ღონისძიების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აგროსექტორის წარმომადგენლების დაჯილდოება იყო. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ იმ ფერმერებსა და აგრობიზნესის წარმომადგენლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს სოფლის მეურნეობის განვითარებაში.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.