„გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდა

„გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით მსოფლიოს 30 ქვეყნიდან ორ თვეში 400-მდე ტრანზაქცია განხორციელდა

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, დინამიკურად პასუხობდეს ბიზნესგარემოს საჭიროებებს და სერვისები მუდმივად იხვეწებოდეს. ჩვენ სულ ახლახან შევთავაზეთ დაინტერესებულ პირებს „გონიერი კონტრაქტით“ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია. ეს არის ძალიან ინოვაციური ციფრული სერვისი, რომელიც მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან საქართველოს მოქალაქეს აძლევს შესაძლებლობას, რომ „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით ინდმეწარმის რეგისტრაცია განახორციელოს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ „იმედის დილის“ ეთერში.

თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ ინოვაციური სერვისი რამდენიმე თვეა, ამოქმედდა და მხოლოდ ბოლო ორ თვეში უკვე განხორციელდა 400-მდე ტრანზაქცია მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილის განცხადებით, უახლოეს პერიოდში „გონიერი კონტრაქტის“ შესაძლებლობები კიდევ უფრო გაფართოვდება:

„ამით, რა თქმა უნდა, არ ვკმაყოფილდებით. უახლოეს მომავალში „გონიერი კონტრაქტის“ მეშვეობით დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, შპს დაარეგისტრირონ ნებისმიერი წერტილიდან“, - განაცხადა თამარ ზოდელავამ.