საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა პროკურორებს მოუწოდა, მკაცრი რეაგირება მოახდინონ 31 ოქტომბერის საპროტესტო აქციებზე მოსალოდნელ ძალადობრივ ქმედებებზე
საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა, ჟერალდ დარმანენმა პროკურორებს მოუწოდა, მკაცრი რეაგირება მოახდინონ 31 ოქტომბერს მოსალოდნელ ძალადობრივ ქმედებებზე. მინისტრი მოითხოვს, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში სასამართლოებმა დამატებითი სასჯელებიც გამოიყენონ, მათ შორის, დემონსტრაციებში მონაწილეობის აკრძალვა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დარმანენმა პროკურორებს შესაბამისი მითითებები 30 ოქტომბერს, მორიგი საპროტესტო აქციების წინა დღეს გაუგზავნა. ხელისუფლება, განსაკუთრებით საღამოს საათებში, ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებული შეკრებების დროს ვითარების გამწვავებას შიშობს.
პროკურორებისთვის გაგზავნილ წერილში იუსტიციის მინისტრი ხაზს უსვამს „სწრაფი და მკაცრი სისხლის სამართლებრივი რეაგირების“ აუცილებლობას, რადგან, მისი შეფასებით, 2026 წლის 31 ოქტომბერს, განსაკუთრებით საღამოს, ძალადობრივი ქმედებების ჩადენის მნიშვნელოვანი საფრთხე არსებობს.
როგორც წინა საპროტესტო აქციების დროს, მინისტრი ამჯერადაც მოითხოვს, გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში გამოყენებული იყოს დამატებითი სანქციები, მათ შორის, სოციალურ ქსელებზე წვდომის შეზღუდვა და დემონსტრაციებში მონაწილეობის აკრძალვა.
„ძალადობისკენ საჯარო მოწოდებები, განსაკუთრებით სოციალურ ქსელებში, სასამართლო განხილვისას ყურადღების საგანი უნდა გახდეს. ამასთან, გამოყენებული უნდა იყოს სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვის სამართლებრივი მექანიზმები“, — წერს ჟერალდ დარმანენი.
მინისტრის მითითებით, პოლიციელებსა და ჟანდარმებზე თავდასხმაში, საჯარო შენობებში უკანონო შეჭრაში, მათი დაზიანების, ცეცხლის წაკიდებისა და ძარცვის ფაქტებში მხილებული პირები, განსაკუთრებული გარემოებების არარსებობის შემთხვევაში, დაკავების ვადის დასრულებისთანავე სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ.
„არასრულწლოვნების მიმართაც, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნა იმავე სისწრაფითა და სიმკაცრით უნდა განხორციელდეს. ამასთან, სათანადო პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ მშობლის უფლებამოსილების მქონე პირებსაც“, — აღნიშნულია მინისტრის წერილში.
დარმანენი ასევე მოითხოვს, განსაკუთრებით მძიმე შემთხვევების შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდოს საფრანგეთის ეროვნულ ანტიტერორისტულ პროკურატურას.
ცნობისთვის, „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობის საკოორდინაციო ჯგუფმა, ასევე სკოლის მოსწავლეებისა და უნივერსიტეტის სტუდენტების პროფკავშირულმა ორგანიზაციებმა 31 ოქტომბერს ახალი საპროტესტო აქციების გამართვისკენ მოუწოდეს საზოგადოებას. დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ ზომების მიღებაა.
შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნიესის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით 70 000 პოლიციელი და ჟანდარმი იქნება მობილიზებული. მინისტრმა განაცხადა, რომ ამ დღეს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის „ძალიან მაღალი რისკი“ არსებობს.



