საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა
2026 წლის 30 ოქტომბერს, საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.
ქვეყნის შეფასების დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო განაგრძობს ეკონომიკურ და ფისკალურ მდგრადობას. რეიტინგის პოზიტიური პერსპექტივა საერთაშორისო რეზერვების სწრაფი დაგროვებით, მიმდინარე ანგარიშის დაბალი დეფიციტითა და მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული. საქართველოს რეიტინგს, ასევე, აძლიერებს განხორციელებული გონივრული ფისკალური პოლიტიკა, მთავრობის ზომიერი ვალი და სტაბილური საბანკო სისტემა.
სარეიტინგო კომპანია აღნიშნავს, რომ მიუხედავად გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკებისა და მაღალი ენერგეტიკული ფასებისა, ქვეყანა ინარჩუნებს ძლიერ ეკონომიკურ ზრდას, რაც ინვესტიციებითა და ექსპორტის მაღალი ზრდით არის განპირობებული. ქვეყნის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2023-2025 წლების პერიოდში 8%-ს აღემატებოდა. Fitch Ratings მოელის, რომ საშუალოვადიან პერიოდშიც საქართველოს რეალური ეკონომიკური ზრდა მისი მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებზე მაღალ მაჩვენებელზე დაფიქსირდება.
ასევე, სააგენტო საქართველოს ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს კვლავ გონივრულად და გამჭვირვალედ აფასებს, რასაც თან ახლავს განხორციელებული სტრუქტურული რეფორმები, რაც მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს უწყობს ხელს. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ის მიმართ ბევრად დაბალია, ვიდრე ფისკალური წესით დაშვებული ზღვარი, ხოლო ვალი მშპ-სთან მიმართებით კლებადი ტენდენციით ხასიათდება და საგარეო ვალი მეტწილად საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისგან აღებული კონცესიური სესხებისგან შედგება.
სარეიტინგო კომპანია Fitch Ratings ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მაღალი ტემპით იზრდება და მიმდინარე წლის სექტემბერში 8.2 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. აღნიშნული შედეგი მეტწილად განპირობებულია ქვეყნის საგადასახდელო ბალანსის გაუმჯობესებით (კერძოდ, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებით), კაპიტალური შემოდინებების ზრდით, ფრთხილი მონეტარული პოლიტიკითა და ნდობის ამაღლებით.
Fitch Ratings საქართველოს საბანკო სისტემას კარგად კაპიტალიზებულად აფასებს, სადაც შენარჩუნებულია სექტორის მომგებიანობა, აქტივების ხარისხი და გონივრული ზედამხედველობა. ამასთან ხაზგასმულია, რომ დეპოზიტებისა და სესხების დოლარიზაციის დონეები შემცირებით ხასიათდება, რაც ძირითადად ეროვნული ბანკის მიერ გატარებული მაკროპრუდენციული ღონისძიებებით არის განპირობებული.
ანგარიშის თანახმად, საშუალოვადიან პერსპექტივაში საგარეო ფაქტორების გაუმჯობესების ტენდენციების მდგრადი შენარჩუნება და შემდგომი გაუმჯობესება, მათ შორის, გაზრდილი საგარეო ბუფერები და მიმდინარე ანგარიშის მცირე დეფიციტი, მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებისთვის.
ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.



