მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება
საფრანგეთში მომავალი საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატი და უკიდურესად მემარჯვენე „ეროვნული გაერთიანების“ არაოფიციალური ლიდერი, მარინ ლე პენი სოციოლოგიურ გამოკითხვებში კონკურენტებს საგრძნობი უპირატესობით უსწრებს.
BFMTV-ს ცნობით, საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნებამდე 7 თვით ადრე ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის ბოლო ორი კვლევა ლე პენის დაჯერებულ ლიდერობაზე მიუთითებს.
14 სექტემბერს გამოქვეყნებული Toluna Harris Interactive-ის კვლევის შედეგები პირველ ტურში მარინ ლე პენს ხმათა 33-36%-ს უწინასწარმეტყველებს.
მეორე ადგილისთვის ბრძოლა უკიდურესად მემარცხენეების ლიდერ ჟან-ლუკ მელანშონსა და მემარჯვენე-ცენტრისტ, ჰავრის პოპულარულ მერს ედუარ ფილიპს შორის მიმდინარეობს. მელანშონმა შესაძლოა ხმათა 16-17% მოაგროვოს, ფილიპმა კი 14-19%.
მეორე ტურში, მელანშონთან დაპირისპირების შემთხვ ევაში, ლე პენი 67%-ით გაიმარჯვებდა, ექს-პრემიერ გაბრიელ ატალთან 56%-ით, ედუარ ფილიპთან კი 55%-ით.
შაბათ-კვირას გამოქვეყნებულ Ipsos-BVA Cesi-ის საარჩევნო განწყობების კვლევაში ლე პენი ასევე 33-35%-ით ლიდერობს. ექვსი შესაძლო სცენარიდან ოთხში მასთან ერთად მეორე ტურში მელანშონი გადის, ფილიპი კი მხოლოდ ორში.
მემარჯვენე-პოპულისტური „ეროვნული გაერთიანების“ ოფიციალურმა ლიდერმა, ჟორდან ბარდელამ კიდევ ერთხელ უარყო ჭორები მასსა და ლე პენს შორის არსებული ვითომდა დაძაბული ურთიერთობების შესახებ მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა კენჭისყრაში მონაწილეობის შესაძლებლობა მაინც მიიღო.