მიხეილ სააკაშვილი – სოკოსავით გაჩენილი ახალი პარტიები ამბობენ, ჯერ მიშა მოვაშოროთ და შემდეგ ივანიშვილიო, ახლა გარჩევების დრო არ არის, ჯერ ეს მოვაშოროთ, მერე იქნებ, ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ

მიხეილ სააკაშვილი – სოკოსავით გაჩენილი ახალი პარტიები ამბობენ, ჯერ მიშა მოვაშოროთ და შემდეგ ივანიშვილიო, ახლა გარჩევების დრო არ არის, ჯერ ეს მოვაშოროთ, მერე იქნებ, ჩემით გაგშორდეთ და კისერიც გიტეხიათ

ჩვენი ამბიცია არის მშვიდობა, მაგრამ არა ბოდიშების მოხდის ფონზე. ჩვენ აფხაზეთში არ ვაპირებთ ვინმეს გაყრას, ჩვენ ვაპირებთ მშვიდობით შესვლას, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა.

ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი პროცესზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გია ბარამიძის დაკავების საკითხსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ სამშობლოს ღალატისთვის ბარამიძის დაკავება ანეკდოტია.

„გია ბარამიძე სამშობლოს ღალატისთვის გაამწესეს ციხეში, ამაზე მეტი ანეკდოტი არ არსებობს. ივანიშვილი თავზე გვაფურთხებს, გვასკლინტავს და ჩვენ ვისხდეთ. ნაზი ბულბული პაატა ბურჭულაძე გალიაშია დატყვევებული. ციხესთან დილით, გარეთ ექვს საათზე იკრიბებიან ყვავები და სწორედ ექვს საათზე პაატა ბურჭულაძე უსმენს ყვავების ჭყავილს.

გვეუბნებიან, რომ მშვიდობაა მთავარიო და ამაზე ვინ კამათობს, მშვიდობა აუცილებელია ქართველი ხალხისთვის, მაგრამ თუ შევეგუებით კორუფციას, კრიმინალს და ა.შ. აი ეს არის თურმე მშვიდობა. ეს არის წარმოუდგენელი დაცინვა ქართველო ხალხისთვის. არასდროს, არასდროს, არასდროს! საქართველო არ ყოფილა ერთი ადამიანის საკუთრება. ქვეყანას უსაფრთხოებისთვის სჭირდება მყარი შეიარაღებული ჯარი. ჩვენი ამბიცია არის მშვიდობა, მაგრამ არა ბოდიშების მოხდის ფონზე. ჩვენ აფხაზეთში არ ვაპირებთ ვინმეს გაყრას, ჩვენ ვაპირებთ მშვიდობით შესვლას. ქართველ ხალხს ძალიან არ უყვარს მოღალატეები, ამიტომ, ყველანი უნდა დავირაზმოთ. 2012 წლიდან ივანიშვილი ცდილობს გაანადგუროს „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს ხან გამოსდის ფულით.

დღეს ახალი პარტიები ჩნდებიან სოკოსავით, რომლებიც ამბობენ, ჯერ მიშა უნდა მოვაშოროთ და შემდეგ ივანიშვილიო. მეგობრებო, ახლა არ არის ერთმანეთთან დაპირისპირების, გარჩევების დრო. ვიდგეთ ერთად, ჯერ ეს მოვაშოროთ, მერე იქნებ, ჩემით გაგშორდეთ და მერე კისერიც გიტეხიათ.

2012 წელს ციხე შიგნიდან გატყდა და მე არ ვიხსნი ამაზე პასუხისმგებლობას, სხვანაირად უნდა მემოქმედა, მაგრამ ვიღაცები გაიყიდნენ და ბიძინას მოსვლაში დაეხმარნენ“, – განაცხადა სააკაშვილმა.