მედია: ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე ვერ შეთანხმდნენ
ევროკავშირის ქვეყნების ელჩებმა 14 სექტემბერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელება ვერ შეძლეს და შეთანხმდნენ, რომ დღესვე ამის კიდევ ერთი მცდელობა ექნებათ, ვინაიდან, 15 სექტემბერს სანქციების გაგრძელების საბოლოო ვადა იწურება.
„14 სექტემბერს, დილის 9 საათზე Coreper-ი [მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტი] ბრიუსელში შეიკრიბა, თუმცა კონსენსუსს ვერ მიაღწია და შეთანხმდა, რომ კიდევ ერთ სხდომას მოგვიანებით ჩაატარებს. სხდომის დრო ჯერ არ განსაზღვრულა“, - წერს უკრაინული მედია წყაროზე დაყრდნობით.
მან აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის დაწესებული ინდივიდუალური სანქციების გაგრძელება 15 სექტემბრამდე უნდა მოესწროს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი 3 ათასზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, უპირატესად რუსეთის ფედერაციიდან ავტომატურად მოეხსნება.
მედიის ინფორმაციით, დილას არც სლოვაკეთი და არც საფრანგეთი არ დათანხმდნენ თავიანთი მოთხოვნების შეცვლას, რომელთა გარეშეც ისინი სანქციების გაგრძელებას არ ეთანხმებიან.
სლოვაკები სანქციების სიიდან რუსი ოლიგარქების, მიხაილ ფრიდმანისა და ალიშერ უსმანოვის ამოღებას ითხოვენ, საფრანგეთი კი ჯერ კიდევ პარასკევს, 11 სექტემბერს შეუერთდა უსმანოვის ამოღების მოთხოვნას