რიმა ბერაძე: სკოლის ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის მიცემაზე, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე და ორიენტირებულია სამშობლოს მოყვარული მოქალაქის აღზრდაზე
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და იმ რეფორმებსა და ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო პერიოდში ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში განხორციელდა.
„დაიწყო ახალი სასწავლო წელი, რომელიც ახალი ეტაპია ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში - ახალი იმედებით, მოლოდინებით და იმ ემოციით, რომელიც სკოლის კარს ყოველ სექტემბერს ახლავს. განსაკუთრებით ძვირფასია ეს დღე ჩვენი პირველკლასელებისთვის, რომლებიც პირველად შედიან სამყაროში, რომელმაც მათი მომავალი უნდა განსაზღვროს.
განათლება მხოლოდ ცოდნის მიღება არ არის - ეს არის ადამიანის ჩამოყალიბება, მისი შესაძლებლობების აღმოჩენა და მომავლის შენება. სწორედ ამიტომ, ახალი სასწავლო წლის დაწყება ჩვენთვის მხოლოდ კალენდარული თარიღი კი არა, ახალი ნაბიჯია ისეთი ქვეყნისკენ, სადაც თითოეულ ბავშვს ექნება შესაძლებლობა, ირწმუნოს საკუთარი ძალების და პასუხისმგებლობიან მოქალაქედ იქცეს“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.
მისი თქმით, წელს საგანმანათლებლო დაწესებულებების კარი 38 000-მა პირველკლასელმა შეაღო, რომლებიც სკოლებში საერთაშორისო სტანდარტების დაცვით შეკერილი ფორმებით წარდგნენ.
„ამ წლიდან შეიცვალა სასკოლო გარემოც. იმის გარდა, რომ წელს მოსწავლეების ნაწილი 30-მდე განახლებულ სკოლაში ისწავლის, იცვლება საკომუნიკაციო საშუალებების მოხმარების წესებიც. ამიერიდან, ბავშვები სრულად იქნებიან ორიენტირებულნი სწავლის პროცესზე და მობილური ტელეფონებით სარგებლობას მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში შეძლებენ. ფუნდამენტურად შეიცვალა მეთოდოლოგია - ახალი სახელმძღვანელოები ისე არის შედგენილი, რომ მოსწავლე აღარ იყოს მხოლოდ მსმენელი, სწავლების პროცესში ჩაერთოს და გახდეს მისი შემოქმედი. ჩვენი მთავრობის საგანმანათლებლო გუნდმა, დარგის სპეციალისტებსა და სასკოლო საზოგადოებასთან ერთად, კოლოსალური სამუშაო გასწია იმისთვის, რომ ახალი სახელმძღვანელოები ბავშვების სამომავლო საჭიროებებს მორგებოდა.
შესაბამისად, ახალი სახელმძღვანელოები შედგენილია მოსწავლისათვის ძირეული ცოდნის მიცემაზე, აგებულია ქვეყნის ეროვნულ ღირებულებებზე და ორიენტირებულია სამშობლოს მოყვარული, ეროვნული ღირებულებების დამფასებელი მოქალაქის აღზრდაზე“, - აღნიშნა რიმა ბერაძემ.
მისი შეფასებით, ყველა ის ღირებულება, რომელსაც სახელმძღვანელოების შექმნის პროცესი ეფუძნება, შესანიშნავად არის გადმოცემული მეშვიდე და მეცხრე კლასების სახელმძღვანელოების ფურცლებზე - „მამული, ენა, სარწმუნოება“ და „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“!
„განსაკუთრებით მინდა გამოვყო პრემიერ-მინისტრის ინიციატივა - „ჩემი პირველი ნერგი“, რომლის ფარგლებშიც ჩვენს სკოლებში მოსწავლეები ნერგებს დარგავენ. ეს მხოლოდ გამწვანების პროექტი არ არის — ეს არის ინიციატივა, რომელიც ბავშვებს ბუნებასთან, ზრუნვასა და პასუხისმგებლობასთან აკავშირებს. თითოეული დარგული ხე იქნება პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი დაპირება მომავლისადმი — რომ დღევანდელი მოსწავლეები ხვალ გაიზრდებიან გარემოში, რომლის შექმნაშიც თავადაც ექნებათ წვლილი შეტანილი. მინდა, ეს ნერგები ჩვენი სკოლების ეზოებში მხოლოდ ხეებად კი არა, სიცოცხლის, იმედისა და მომავლის სიმბოლოდ გაიზარდოს.
ის, რომ საგანმანათლებლო სისტემა ჩვენს ქვეყანაში სწორ რელსებზეა, ამას PISA-ს 2025 წლის კვლევაც ადასტურებს. სანდო და გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში საქართველომ საამაყო შედეგები აჩვენა. გაუმჯობესებული მაჩვენებლები გვაქვს თითქმის ყველა კომპონენტში. ყოველივე ეს კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემა სწორად ვითარდება და ის აუცილებლად გამოიღებს ჯანსაღ ნაყოფს.
ეს რეფორმა მხოლოდ ახალი წესები, ფორმები, სახელმძღვანელოები თუ განახლებული სკოლები არ არის - ეს არის ჩვენი ხედვა იმ მომავალზე, რომელსაც დღეს ვქმნით. ჩვენ ვქმნით სკოლას, სადაც ცოდნა და ეროვნული ღირებულებები ერთმანეთისგან არ არის გამიჯნული; სადაც ბავშვი არა მხოლოდ სწავლობს, არამედ აზროვნებს, ქმნის საკუთარ ქვეყანას, იცნობს და უყვარს.
სწორედ ამ ბავშვებშია ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე. ამიტომ, თითოეული ახალი საკლასო ოთახი, თითოეული ახალი სახელმძღვანელო და თითოეული ცვლილება საბოლოოდ ერთ დიდ მიზანს ემსახურება — აღვზარდოთ განათლებული, თავისუფალი, ღირსეული და საკუთარ სამშობლოზე პასუხისმგებელი თაობა, რომელიც საქართველოს მომავალს კიდევ უფრო ძლიერს, წარმატებულსა და ღირსეულს გახდის. ეს არის ჩვენი დღევანდელი პასუხისმგებლობა, ჩვენი საერთო საქმე და გზა იმ საქართველოსკენ, რომელსაც ერთად ვაშენებთ“, - განაცხადა რიმა ბერაძემ.